ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური ხიდი აღდგენილია - ამის შესახებ BM.GE-ს ჭუბერის გამგებელმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა. ვიბლიანის თქმით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დასრულებისთვის დაახლოებით 3-4 თვიანი პერიოდია საჭირო. რაც შეეხება დაზარალებული ოჯახების ბედს, როგორც გამგებელი აცხადებს, ამ დრომდე სახელმწიფოს მათთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.
„ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. დაცულია ყველა სახლი, ყველა წყალმოვარდნის კალაპოტი გამაგრებულია. რაც შეეხება გზებს, აღდგენილია ის ცენტრალური ხიდი, რომელიც ორ მხარეს აკავშირებდა. ასევე გაწმენდილია გზები და გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა სრულ რეაბილიტაციამდე მინიმუმ 3-4 თვე დაგვჭირდება.
იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სახლის დატოვება მოუწიათ, რაიმე შეთავაზება ჯერ არ გვაქვს, თუმცა ყველაფერს მოვაგვარებთ რომ უკმაყოფილოები არ იყვნენ.
ზარალის ოდენობაზე ზუსტი რიცხვების თქმისგან თავს შევიკავებდი, ეს იმდენად დიდი ზარალია, ბოლომდე კიდევ არ არის დათვლილი, ცალ-ცალკე გვაქვს რაღაც სურათი, თუმცა ჯამური არა.“ - აცხადებს ვიბლიანი.