კომპანია "ცივის ყველი“ წელს ორჯერ მეტი ტურისტის მიღებას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა განუცხადა. ამისთვის საწარმოს ტერიტორიაზე, რომელიც თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარეობს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას აფართოებენ, რაშიც კომპანია 90 ათასი ლარის ინვესტიციას დებს.
"ორი წელია უკვე ტურისტებს ვიღებთ, ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, შარშან მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, მაგრამ არ ვიყავით მზად ჯგუფების მისაღებად, რადგან ერთდროულად მაქსიმუმ 10 ადამიანის გამასპინძლების შესაძლებლობა გვქონდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიწყეთ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება. ვაკეთებთ სადეგუსტაციო დარბაზებს ზამთრისა და ზაფხულის სეზონისთვის, ვამონტაჟებთ სამაცივრე დანადგარებს და ძალიან მალე, 30 ტურისტის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა გვექნება. ვაპირებთ პატარა ყველის მუზეუმის მოწყობასაც. შესაბამისად ვფიქრობთ წელს 2-3ჯერ მეტ ტურისტს მივიღებთ, ვიდრე შარშან“ - განაცხადა გოჩა ღაღაშვილმა.
საწარმოში მისულ ტურისტებს ყველის მასტერკლასს სთავაზობენ, სურვილის შემთხვევაში მათ თავად შეუძლიათ ყველის წარმოების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, უყვებიან ისტორიას ქართული ყველის შესახებ, ასევე სთავაზობენ საწარმოს დათვალიერებას, ყველის სადილს, სადაც 50 მდე სახეობის ყველის დეგუსტაციის შესაძლებლობა ეძლევათ.