თბილისის მერიის წინააღმდეგ კომპანია C.T Park-მა სარჩელი გასული კვირის ხუთშაბათს შეიტანა. კომპანიის პოზიცია უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ თბილისის მერიამ პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ცალმხრივად ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც კომპანიის იურისტი BM.GE-თან აცხადებს, C.T Park-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულა, შესაბამისად კომპანიის დამფუძნებლები ქართული სასამართლოს მხრიდან საქმის ობიექტურ გამოძიებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში C.T Park ყველა სამართლებივ მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
"ველოდებით პროცესების განვითარებას. სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებითად საქმესთან დაკავშირებით. კომპანიის დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ ქართული სასამართლო მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება შესაბამისად დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლების დაცვის ყველა სამართლებრივ მექანიზმს მიმართავენ, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟს, რათა დადგენილ იქნას, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულდებოდა სრულად და ჯეროვნად", - განაცხადა თამარ შუბითიძემ.