მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავების საბჭომ ქართული კომპანიების ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია

5bfbb4b111f34
თამუნა დემეტრაშვილი
26.11.18 13:20
593
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ 4 სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ სარჩელებში მოტანილი არგუმენტები არ გაიზიარა და ისინი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საუბარია ქუთაისის შემოვლითი გზის მოდერნიზაციის მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც 200 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიები ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აპროტესტებდნენ და სამინისტროს კონსტიტუციის დარღვევასა და ქართული კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ.

„კავკაზუს როუდ პროჯექტის”, ,,ჯეო გრუპის”, ,,ჯი არ ჯისა” და ,,ენსისის” სარჩელები პრაქტიკულად იდენტური შინაარსის იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულებას ვერცერთი ქართული კომპანია ვერ შესძლებდა და ისინი სამინისტროსთვის ,,სასურველ” კომპანიებზე იყო მორგებული.
სამინისტრო, კონკრეტული სატენდერო ლოტის ღირებულების შესაბამისი ანალოგიური ტიპის, ხასიათისა და სირთული სამუშაოს გამოცდილებას ითხოვდა, რაც კომპანიებისთვის მიუღებელი იყო. დავების საბჭომ სამინისტროს არგუმენტები გაიზიარა და განაცხადა, რომ უწყების მოთხოვნა კომპანიების გამოცდილებასთან დაკავშირებით-ლეგიტიმურია.

„მოთხოვნები გამომდინარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, რადგან მსგავსი მოთხოვნების ამ სახით ჩამოყალიბების გზით არის შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა - სანდო, ფინანსურად, აგრეთვე ტექნიკურად შეძლებული და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის სასურველი კონკრეტული სამუშაოს ჯეროვნად შესრულება“, - ნათქვამია საბჭოს დასკვნაში.

თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწევს დამატებითი არგუმენტები წარმოადგინოს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეძლევათ უცხოურ კომპანიებს უფლება, საკუთარი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გამარტივებული ფორმით მიაწოდონ შემსყიდველს. შეგახსენებთ, რომ ქართული კომპანიების სარჩელებში, ეს ნიუანსიც იყო გაპროტესტებული. შესაბამისად აღმოჩნდა, რომ დავების საბჭომ, მოსარჩელეების პრეტენზიები მხოლოდ ამ ნაწილში დააკმაყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები