მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავების საბჭომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა

5b0687eb14f08
თამუნა დემეტრაშვილი
24.05.18 14:00
900
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ კომპანია "მასტერ სპორტის" მიერ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და უწყებას სატენდერო პირობების შეცვლა დაავალა. საუბარია ტენდერზე, რომლითაც სამინისტროს ჯარისთვის 25 ათასი მაღალყელიანი ფეხსაცმელი უნდა შეეძინა, ჯამში 2,3 მილიონი ლარის ღირებულებით.

კომპანია "მასტერ სპორტს" აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა ამერიკული ბრენდის - Belleville-ის წარმომადგენლის სტატუსით სურდა, თუმცა, იმის გამო რომ უწყება ფეხსაცმელს მხოლოდ პოლიურეთანის ძირით ითხოვს და რეზინის გამოყენების უფლებას არ იძლევა, “მასტერ სპორტმა“ ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღო.

"Belleville აქვს სამხედრო ფეხსაცმლის კერვის 114 წლიანი ისტორია. გვსურს თავდაცვის სამინისტროს შევთავაზოთ პროდუქცია, რომელიც დამზადებულია აშშ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით და მინიჭებული აქვს აშშ თავდაცვის დეპარტამენტის სერთიფიკატი, სადაც ადასტურებს, რომ ფეხსაცმელი შესაბამისობაშია აშშ სამხედრო სტანდარტთან, მაგრამ იმის გამო, რომ შემსყიდველი ყოველგვარი სტანდარტის მითითების გარეშე ითხოვს მხოლოდ პოლიურეთანის ძირს და არ უშვებს ალტერნატიულ მოთხოვნას რეზინის სახით, არ გვეძლევა ტენდერში მონაწილეობის და უკეთესი ხარისხის შეთავაზების საშუალება,“-წერდა კომპანია საკუთარ სარჩელში.

"მასტერ სპორტისთვის" ასევე გაუგებარი იყო სატენდერო მოთხოვნის კიდევ ერთი ნაწილი, სადაც თავდაცვის უწყება, თურქული კომპაია "Yakupoglu Tekstil ve Deri Sanayi Ticaret A.S"-ს მიერ დამზადებული ფეხსაცმლის მოწოდების შემთხვევაში, არც ნიმუშს და არც ლაბორატორიულ დასკვნას ითხოვდა, მოტივად კი იმ ფაქტს ასახელებდა, რომ თურქული მწარმოებლის პროდუქცია ჯარში უკვე აპრობირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები