თურქეთის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, ის გემები, რომელთაც არ აქვთ დაზღვევა და ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, თურქეთის სრუტეებით ვერ ისარგებლებენ.
საქმე ისაა, რომ პირველი დეკემბრიდან თურქეთმა ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც სატვირთო გემებსა და ტანკერებს ავალდებულებს, წარმოადგინონ საერთაშორისო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნული პროცესი მოითხოვს მონაცემების გადამოწმებას, ბაზაში ატვირთვას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, რაც, თავის მხრივ, დროში გაწელილი პროცესია და ბოსფორისა თუ დარდანელის სრუტეებში სატვირთო გემებისა და ტანკერების საცობებს იწვევს.
ევროკავშირი და აშშ თურქეთს მოუწოდებენ, გაუქმდეს აღნიშნული რეგულაცია და საზღვაო ტრანზიტის გატარება ჩვეული რეჟიმით აღდგეს, თუმცა თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ შემოწმების პროცედურის გარეშე, იზრდება იმის რისკი, რომ EU-სა და G7-ის სანქციების გვერდის ასავლელად რუსეთმა ძველი, ჩამოწერილი ტანკერები გამოიყენოს და ნავთობის ექსპორტზე გატანა ამ გზით დაიწყოს.