თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დაახლოებით, ხუთი თვე გავიდა. რეორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესის გამარტივება იყო. BM.GE დაინტერესდა, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში დეველოპერებისთვის.
სამშენებლო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელის ბეჟან წაქაძის დაკვირვებით, მერიასთან კერძო სექტორის ურთიერთობას ისევ ბიუროკრატიული ბარიერები ახლავს. სწორედ ამიტომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, როგორც თავად ამბობს, სამშენებლო სექტორის სხვა წარმომადგენლების სახელით, დედაქალაქის მთავრობას გამოსავალი შესთავაზა.
„მე შევთავაზე, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩვენი გადახდილი თანხით ჩვენს პროექტებს, იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომელთაც ნებართვების სწრაფად მიღება სურთ. ეს ძალიან კარგი იქნება. იდეა მოეწონათ, ალბათ, განიხილავენ და უნდა მიიღონ. ჩვენთვის თანხის გადახდა გაცილებით იოლია, ვიდრე დროის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, არა მგონია, მერიისთვის ეს არ იყოს მისაღები. ეს დააჩქარებდა ამ პროცესს და არ იქნებოდა ბევრი გადავადება და რიგები. ჩვენი გადახდილი თანხით გადავუხადოთ ახალ კადრებს ხელფასი. უნდა გაიზარდოს კვალიფიციური არქიტექტორების რესურსი, რომელსაც შედარებით დიდ ანაზღაურებას მისცემენ“, - განაცხადა წაქაძემ და გამარტივებული სერვისის მიღების მაგალითად, იუსტიციის სახლი მოიყვანა, სადაც გარკვეული დოკუმენტების მიღება დაჩქარებული წესით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ შესაძლებელია.
საკადრო და სტრუქტურული ოპტიმიზაციის, ასევე სამშენებლო ნებართვების გაცემის სისტემაში ცვლილებების შემდეგ, კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ბარიერების ერთ-ერთი მიზეზი სამშენებლო ნებართვების განახლებული სისტემაა, რომელსაც დოკუმენტების დამატებითი რაოდენობაც მოჰყვა.
„მშენებლობის ნებართვების გაცემის მიმართულებით მიმაჩნია, რომ არსებობს ზედმეტი ბიუროკრატია და ეს ერთობლივად არის დასაძლევი, მერიასთან ერთად. სტანდარტის აწევას მივესალმებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივესალმებით ბიუროკრატიის გაზრდას. გართულება და გამკაცრება სხვადასხვა რამეა. სიმკაცრე არის ის, როცა სტანდარტს წევთ ზემოთ, მაგრამ გართულება არის ის, როცა ბევრი დოკუმენტია საჭირო და ერთი ფანჯრის პრინციპი ირღვევა“, - განაცხადა აბულაძემ BM.GE-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემები სამშენებლო ნებართვების გაცემის რაოდენობაზე და შესაბამისად, ამ სექტორში ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, რაც წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებს მოიცავს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში გაცემული ნებართვების შესაბამისად, სამშენებლო ფართობის მოცულობა დაახლოებით 12%-ით შემცირდა, ამავე პერიოდში მშენებლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი - 19%-ით.