დღეს როგორც არასოდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც ის თავმჯდომარედ აირჩიეს.
მისი თქმით, ყველაფერთან ერთად, დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია კერძო საკუთრება, რაც „წინა ხელისუფლების დროს გათელილი და განადგურებული იყო“.
"აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და ქონების დაკარგვად უჯდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს როგორც არასოდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი შარშან რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია. ბოლო 5 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში, არამედ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც",- აცხადებს ივანიშვილი.