მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღგ-სგან საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებაც უნდა გათავისუფლდეს"

5ac3400bb1ec7
BM.GE
03.04.18 12:48
732
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში შემოთავაზებული ცვლილება, ვინაიდან კანონპროექტის ავტორი განმარტებით ბარათში ცვლილების მიზეზად ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საბჭოს 2006/112 დირექტივასთან დაახლოებას მიუთითებს.

წარმოდგენილი ცვლილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, საჰაერო ფრენებთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 და 2017 წლების სამოქმედო გეგმებში, გათვალისწინებული იყო საქართველოს კანონმდებლობისა და დღგ-ის ევროპული დირექტივის აპროქსიმაციის პროცესის გაგრძელება, რაც გულისხმობდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებას, დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კანონპროექტი მიხედვით დღგ-სგან მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, საჰაერო ფრენებთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურება, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა და საავიაციო სამუშაოები თავისუფლდება. აქედან გამომდინარე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შემოთავაზებული ცვლილება საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდეს.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, დირექტივის ერთ კონკრეტულ ნორმასთან ეროვნული კანონმდებლობის ნაწილობრივი დაახლოება, ამ მიმართულებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად ვერ ჩაითვლება, რადგან 2006/112/EC დირექტივა დამატებითი ღირებულების გადასახადის ერთიან სისტემას აწესებს და მოიცავს სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც. მისი თქმით, რეკომენდირებულია დირექტივასთან დაახლოების პროცესის უფრო გააქტიურება.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში შემოთავაზებული ცვლილება 2006/112/EC დირექტივას ნაწილობრივ შეესაბამება, მიგვაჩნია, რომ მისი მიღება საერთაშორისო ბაზარზე, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურეობის ცენტრის კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო ინიციატივის ძირითად პრინციპებს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები