მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას" - ჰერჩინსკი ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე

ჰერჩინსკი და ბოჭორიშვილი

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, მიმდინარე კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად კრიტიკისა, მისი მოვალეობაა, დიპლომატიური საუბრები აწარმოოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის პოზიცია გააჟღეროს, რაც არ ითვალისწინებს არჩევნების შედეგების აღიარებას ან არაღიარებას.

ჰერჩინსკიმ მედიასთან დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი თავად იყო დაბარებული.

"დიპლომატი ვარ, ჩემი როლია, რომ საკომუნიკაციო არხი ყველასთან მქონდეს ღია, ყველას ვესაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას, ვხვდები და ვესაუბრები ყველას, ხალხს, ვისაც ვეთანხმები ან არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, ჩემს საქმეს ვასრულებ. ვიცი, რომ გამაკრიტიკა მთავრობამაც, პრეზიდენტმაც, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც კი. ევროკავშირი ვერ დარჩება ჩუმად, უნდა ვისაუბროთ და ყველა კავშირს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ევროკავშირის პოზიცია გავაჟღერო.

არ ვარ პოლიტიკოსი, არ მჭირდება, რომ ამირჩიონ ან ხმა მომცენ, ეს ჩემს პოპულარობას არ ემსახურება, ჩემი მოვალეობაა, ამოვიღო ხმა, როდესაც ვხედავთ ძალადობას, უკანონო დაკავებებს, სწორედ ეს საკითხები წამოვჭერი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დამიბარეს", - აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.

ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. BMG დაინტერესდა, ვისი ინიციატივით შედგა აღნიშნული შემთხვევა, ევროკავშირის საელჩომ კი დაგვიდასტურა, რომ ჰერჩინსკი 9 დეკემბერს სამინისტროში გამოძახებული იყო.

11 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მან ევროკავშირის დელეგაციასთან ჩანიშნული შეხვედრა "ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით" დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები