მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DoorDash-მა, შესაძლოა, Deliveroo $3.6 მილიარდად შეიძინოს

Deliveroo

სწრაფი მიტანის სერვისის ბაზარი დიდი ტრანსფორმაციის წინაშე დგას, რადგან ამერიკულმა DoorDash-მა, შესაძლოა, ბრიტანული Deliveroo შეიძინოს, რისთვისაც კომპანიამ $3.6-მილიარდიანი წინადადება უკვე მიიღო.

აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, Deliveroo-ს აქციების ფასმა 17.6%-ით იმატა და 2022 წლის იანვრის შემდეგ არსებული მაქსიმუმი დააფიქსირა, რაც გარიგების თაობაზე ინვესტორების და აქციონერების დადებით სენტიმენტებზე მიუთითებს. ბრიტანული კომპანიის თითოეულ აქციაში ამერიკული გიგანტი 1.8 გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, რაც, ჯამურად, სწორედ ზემოხსენებული $3.6 მილიარდის ტოლია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პიკური მაჩვენებლის შემდეგ, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების დალისტვას მოჰყვა, Deliveroo სისტემატურად ცუდ შედეგს აფიქსირებს, რაც სრულ თანხვედრაშია სწრაფი მიტანის, ე.წ. Q-Commerce-ის ბაზარზე არსებულ ზოგად სენტიმენტთან, რომელსაც ინვესტორების მიერ გიგ-ეკონომიკის ბიზნესმოდელის ვალიდურობასთან არსებული კითხვები განაპირობებს. თავის დროზე, Deliveroo-ს აქციების ინვესტორები 3.86 გირვანქა სტერლინგად აფასებდნენ, ანუ მას შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 55.5%-ითაა შემცირებული.

ბრიტანული Deliveroo რამდენიმე ბაზარზე ოპერირებს, მათ შორისაა გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია, სინგაპური და კატარი. ევროპის კონტინენტზე Deliveroo-ს რამდენიმე კონკურენტი ჰყავს, მათ შორის Glovo-ს მფლობელი გერმანული ჰოლდინგი Delivery Hero, ამერიკული Uber Eats-ი და დანიური Just Eat-ი. გასული წლის მარტში, Deliveroo პირველად გავიდა წლიურ მოგებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები