ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Eli Lilly-მ წონაში კლების ახალი მედიკამენტის კლინიკური კვლევების შედეგები გაასაჯაროვა.
როგორც ჩანს, სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატი Zepbound-ი უფრო ეფექტიანი მედიკამენტია, ვიდრე Eli Lilly-ის პირდაპირი კონკურენტის, დანიური Novo Nordisk-ის მიერ შექმნილი Wegovy. Zepbound-ის ეფექტიანობას, როგორც ჩანს, მისი კომბინირებული ბუნება განაპირობებს, რადგან Wegovy-ისგან განსხვავებით ის ორი მოლეკულისგან შედგება.
კლინიკური კვლევა 72 კვირის განმავლობაში ტარდებოდა, რა დროსაც Zepbound-ით მკურნალობის შედეგად პაციენტებმა საშუალოდ სხეულის მასის 20.2% დაიკლეს, როცა Wegovy-ის შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი 13.7%-ია. Zepbound-ის მომხმარებლებმა საშუალოდ 22.8 კილოგრამი დაკარგეს, როცა Wegovy-ის მომხმარებლებმა 15 კილოგრამი.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კვლევა ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე პაციენტებზე ჩატარდა, რომლებსაც სიმსუქნის მიოუხედავად დიაბეტი არ აღენიშნებოდათ, მაგრამ ჰქონდათ სხვა თანმდევი პრობლემები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია ან დისპლიპიდემია. ეს დეტალი საყურადღებოა, რადგან Novo Nordisk-ის Ozempic-ისგან განსხავებით Zepbound-ი და Wegovy სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატებია და არა დიაბეტის.
სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტების შექმნა, ბოლო წლებში, გლობალურ ტრენდად იქცა, რომელმაც ფარმაკოლოგიური კომპანიების შემოსავლები და საბაზრო კაპიტალიზაცია დაბუსტა. იყო დრო, როცა დანიური Novo Nordisk-ი ევროპის უდიდესი კომპანია იყო და ამ შეფასებას, სწორედ Ozempic-ის და Wegovy-ის წარმატება განაპირობებდა. დღეს, Novo Nordisk-ის კაპიტალიზაცია $302 მილიარდია, როცა Eli Lilly-ის ინვესტორები $678 მილიარდად აფასებენ.