ENPARD III-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება იწყება
მაია ბიწაძე
25.04.18 12:40
• 905
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, აცხადებს სოფლის განვითარების საპროექტო წინადადებების მიღებას.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკო-მიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას (იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ მიმღებ თემებს) და ეთნიკურ უმცირესობებს. კონკრეტულ მიზანს კი წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების (დასაქმების და დასაქმების უნარიანობის), სოციალური ინტეგრაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
როგორც ENPARD - ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ხუნწარიამ Bm.ge-ს განუცხადა, დაემატა ორი ახალი რეგიონი, იმერეთი და ზემო სვანეთი, პროექტები განხორციელდება ოთხ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, კახეთში და იმერეთში.
,, ეს არის სოფლის განვითარების ახალი პროექტები, რომლებიც უკვე არსებული პროექტების საქმიანობას გააძლიერებს საქართველოში და მათ შორის იქნება ორი ახალი რეგიონი - იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი, რომლებიც დაემატება არსებულ რვა მუნიციპალიტეტს, სადაც უკვე მიმდინარეობს პროექტები ENPARD II-ის ფარგლებში.
აღნიშნული კონკურსით ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას, წინა პერიოდში გამოცხადებული ENPARD-ის პროექტების მსგავსად, როგორებიცაა მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტები ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში, ასევე 2016 წელს დაწყებული მსგავსი პროექტები ახალქალაქში, თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში და აჭარაში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
ამჟამად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, კონკურსი ითვალისწინებს სოფლის განვითარების პროექტების განხორციელებას სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. მათი განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.“ - განაცხადა თამარ ხუნწარიამ.