ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.
„ევროკავშირის მხარდაჭერა მართლაც უპრეცედენტოა. უკვე განხორციელდა ორი ფაზა და მესამე ფაზაზე გადავედით. მესამე ეტაპის მთავარი აქცენტი არამხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა, არამედ მოიცავს არასასოფლო–სამურნეო აქტივობებსაც, მაგალითად როგორიც არის ტურიზმის განვითარება. ჯამში, სამივე ფაზა ევროკავშირის დახმარებისა არის უპრეცედენტოდ დიდი და ის თითქმის 500 მილიონი ლარია“ – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე.
22 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები სოფლის მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
პროექტის „FAO-ს ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ ENPARD-3-ისფარგლებში“ ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს.
პროექტი უშუალო დახმარებას გაუწევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და ფერმერებს და ხელს შეუწყობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი სსამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში.
პროექტის „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა. მისი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერა სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებში. ორივე პროექტი სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და 5 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტები განხორციელდება ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას.