საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. წლევანდელ ტურნირს სლოვაკეთი მასპინძლობს, ხოლო საქართველო თავის შეხვედრებს C ჯგუფში 11 ივნისს პოლონეთის, 14 ივნისს საფრანგეთის, ხოლო 17 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე, ბილეთების რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება და ფასი 12 ევროს ეკვივალენტი ლარში იქნება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლება და ყიდვის პროცესში აუცილებელი იქნება პირადი ინფორმაციის შეყვანაც.
ცნობისთვის, ჩვენი ნაკრები ისტორიაში პირველად არა მასპინძლისთვის განკუთვნილი კვოტით, არამედ ფინალურ ტურნირზე შესარჩევი ეტაპის დაძლევით იასპარეზებს. ჩემპიონატზე თითოეულ ჯგუფში 4 ნაკრები იქნება, საიდანაც შემდეგ ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო გავა და ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს უმასპინძლა, სადაც საქართველოში დასწრებადობის რეკორდი დამყარდა, კერძოდ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების დაპირისპირებას ჯამში 44 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე ბელგიასთან, პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან კონკურენციაში ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით დაძლევა შეძლო, სადაც შემდგომ ზემოთ ნახსენებ ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.