საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში თხილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. სამინისტროში აცხადებენ, რომ სოკოვანი დაავადებები ძირითადად იმ თხილს აქვს, რომელიც არ შეიწამლა, აზიური ფაროსანათი დაზიანებული მოსავლის წილი კი ძალიან მცირეა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა BM.GE-სთან განმარტავს, რომ გურიაში ფერმერებს თხილის შეწამვლასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ გააჩნიათ. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, ეს გახდა მიზეზი, რომ მოსავალს შესაბამისად არ მოუარეს და დიდი ნაწილი გაუნადგურდათ.
გიორგი თოდუა აცხადებს, რომ თხილის შეწამვლა არ არის ისეთ თანხებთან დაკავშირებული, რომ ფერმერები ვერ გაწვდნენ. მისივე განმარტებით, ერთ ჰა ფართობზე ამ სამუშაოებს დაახლოებით 500-600 ლარი სჭირდება, როცა მოსავალი შეიძლება 2 ტონა იყოს.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სამეგრელოში ამ მიმართულებით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და ფერმერები, რომლებიც მათს რეკომენდაციებს მიჰვებიან, კარგ მოსავალს იღებენ, რაც შემდგომში სხვა ფერმერებისთვის არის მაგალითის მიმცემი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასოციაციას გურიისა და აჭარის რეგიონში წარმომადგენლობა არ აქვს, თუმცა, ამ კუთხით გაფართოებას აუცილებლად გეგმავენ. გიორგი თოდუა იმედოვნებს, რომ გურიაში მოქმედი ფერმერები მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და უკეთეს შედეგებზე გავლენ.