ფერმერები მთავრობისგან აგროდაზღვევის სისტემის დახვეწას ითხოვენ. როგორც კოოპერატივ ,,ბეთლემის“ დამფუძნებელმა, ამირან დიასამიძემ Bm.ge-ს განუცხადა, მას სურს კუთვნილი მოცვის პლანტაცია დააზღვიოს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიების პირობები იმდენად მიუღებელია, რომ აგრო-დაზღვევაზე უარს ამბობს.
,, 29 მაისს ქედაში სეტყვა მოვიდა და პლანტაცია ღმერთის წყალობით გადამირჩა, თუმცა სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდ ზარალს ველოდებოდი. გადამარჩინა იმან, რომ პლანტაცია ვერტიკალური მეთოდით მქონდა დარგული, არადა წესით ჰორიზონტალურად უნდა დამერგო, ასე რომ მქონოდა დარგული, ღვარცოფი მას მთლიანად მოგლეჯდა. ამიტომ საჭიროა დაზღვევა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიების პირობები იმდენად დასახვეწია, რომ ვერ ვსარგებლობთ.
მაგალითად ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მომთხოვეს, რომ სტიქიის შესახებ აუცილებლად 24 საათში უნდა ვაცნობოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალს არ აანაზღაურებდნენ. ჩვენ ხშირად გვიწევს რაიონიდან წასვლა, შესაძლოა სტიქიის დროს ადგილზე არ ვიმყოფებოდეთ, ამ შემთხვევაში წუთების დათვლა ცოტა არ იყოს უხერხულია. სახელმწიფო ამაში თანხას დებს, ცოტას ჩვენს ვამატებთ და კარგი იქნება, თუ კომპანიები პირობებს ცოტა გააუმჯობესებენ, ამ შემთხვევაში დაზღვევით ყველა ფერმერი ისარგებლებს“ - განაცხადა ამირან დიასამიძემ.