ამერიკული გამოცემა Forbes თბილისს წლის ყველაზე საინტერესო ქალაქად ასახელებს. Berlin Is Out, Tbilisi Is In: Georgia's Capital Is This Year's Most Exciting City - ამ სათაურით გამოცემა საქართველოს დედაქალაზე ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებაზეა საუბარი.
ბლოგში აღნიშნულია, რომ კავკასიაში მდებარე ქვეყანაში, რომლის პოპულაციაც 4 მილიონზე ნაკლებია, თავს იყრიან ყველანაირი ტიპის ტურისტები, რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
„ეს შეიძლება იყოს ახალი თანამედროვე სასტუმროები, რომლებიც მრავლადაა ქალაქში. ქვეყნის პროდასავლური მენტალიტეტი, რამაც ახლახანს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაც კი გამოიწვია. შეიძლება ამის მიზეზი იყოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორია. ან იქნებ მიზეზი ჭაჭაა?“,- ნათქვამია ბლოგში.
Forbes თბილისში გახსნილ ახალ სასტუმრო „სტამბაზე“ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ სასტუმრო საბჭოთა კავშირის დროს არსებულ საგამომცემლო სახლშია გახსნილი და შესვლისთანავე ნათელი ხდება, რატომ უწოდებენ მას „ქართულ ოაზისს“.
ბლოგში საუბარია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზეც და ხაზგასმულია, რომ საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
ბლოგში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორიაა, თუმცა, ღვინო არ არის ის, რის გამოც ხალხი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა. სტატიის ავტორის თქმით, ამის მიზეზი ჭაჭაა.
„ჭაჭაში ვგულისხმობ ქართულ ბრენდის, რომელსაც ადგილობრივები ყოველ ღამით მოიხმარენ. ისინი ჭაჭას წყალივით სვამენ და სასმელს შეჩვეულები არიან, ამიტომ ჩემი რჩევაა: არ ეცადოთ ქართველის დათრობას, გპირდებით, ეს კარგად არ დასრულდება“,- წერს სტატიის ავტორი.