„ბუნებრივია, რომ გაცვლითი კურსი მერყეობს. ასეც უნდა იყოს. ის ასახავს იმ ცვლილებებს, რაც ეკონომიკაში ხდება“, - ასე უპასუხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ „ანალიტიკის“ შეკითხვას - თუკი კურსის მერყეობას ის უარყოფითი მოვლენები ქმნის, რომლებიც თან ახლავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და ეს ფაქტორი ერთჯერადია, მაშინ რატომ არ არის გამართლებული საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ინტერვენცია.
ფრანსუა პეჰშოს მიაჩნია, რომ მოლოდინები არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დღეს კურსის მერყეობაზე მოქმედებს.
„[კურსის მერყეობას] მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის საგადასახადო ბალანსის ვითარება, გარე შოკები, გაურკვევლობა, მოლოდინები და დოლარის გლობალურ გამყარება. ეს სულ მცირე, რაც ახლავე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ“, - ამბობს პეჰშო.
მისივე თქმით, IMF-ს მიაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მცურავი კურსი.
„საქართველოს აქვს მოქნილი სავალუტო კურსით შოკების გავლენის შემცირების გამოცდილება“, - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის პოზიცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი 1997 წლიდან ამოქმედდა. მცურავი რეჟიმის პირობებში ვალუტის კურსს მთლიანად განსაზღვრავს სავალუტო ბაზარი, რომელიც კომერციული ბანკებისგან და იმ სხვა პირებისგან შედგება, ვისაც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა აინტერესებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ თუ ქვეყანაში გაცვლითი კურსი ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ყალიბდება, ასეთი ქვეყანა ფინანსურად უფრო დაცულია, რადგან გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობები ეკონომიკას ეხმარება შოკების დაძლევაში, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კურსი იბრუნებს სტაბილურობას.