კოალიცია „განათლება ყველასთვის საქართველო“, რომელიც განათლების თემაზე მომუშავე 14 ორგანიზაციას აერთიანებს, პეტიციას ამზადებს სახელით „მეტი ფული განათლებას“. პეტიცია რამდენიმე თვის წინ დაწყებული კამპანიის ნაწილია და სავარადოდ, ერთ კვირაში გაეშვება. კოალიციის წევრი ორგანიზაციის, „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ დირექტორის რევაზ აფხაზავას განცხადებით, დაფინანსების ზრდა რეფორმების გასატარებლად აუცილებელი პირობაა.
„დაფინანსება არის აუცილებელი პირობა, მაგრამ არასაკმარისი. სისტემას სჭირდება ხეირიანი რეფორმები, მაგამ თუ დაფინანსება არ იქნება, რეფორმებზე ლაპარაკი არასერიოზულია. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება არის ზოგადი განათლების უზრუნველყოფა. ეს არის ფუნდამენტი. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა აქვს, რომ ნებისმიერი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩააყენოს. თანაბარი შესაძლებლობები მისცეს მათ იმისთვის, რომ შემგომი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
დღეს ზოგადი განათლების დაფინანსება 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს თანხა მიმართული უნდა იყოს ზოგადი განათლების განვითარებაზე, მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებაზე, რათა მეტი პროფესიონალი მასწავლებელი მოვიზიდოთ ჩვენ სისტემაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამდელი და პროფესიული განათლების მხარდაჭერა“. - აცხადებს BM.GE-სთან საუბარში რევაზ აფხაზავა.