მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის შემოქმედი კომპანია OpenAI ფართოვდება.
ამჯერად, სემ ოლტმენმა კომპანია Windsurf-ი შეიძინა, რაც $3 მილიარდი დაუჯდა. Windsurf-ი კოდის დასაწერად შექმნილი AI-მოდელია, რომელსაც უმეტესწილად პროგრამისტები იყენებენ. გარიგების შედეგად, ტექსტის საფუძველზე კოდის წერის ბიზნესში OpenAI ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო თავად ეს გარიგება ორგანიზაციის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური.
კომპანია Windsurf-ი დიდი ხნის განმავლობაში Exafunction-ის სახელით პოზიციონირებდა, მაგრამ რებრენდინგის შედეგად იდენტობა შეიცვალა და $200 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. გასულ წელს, კომპანია $1.25 მილიარდად იყო შეფასებული, ხოლო ბოლო პერიოდში, ახალ საინვესტიციო რაუნდს ატარებდა, რომლის შედეგად ინვესტორები კომპანიას სწორედ $3 მილიარდად აფასებდნენ, ანუ OpenAI-ის შემოთავაზება, სწორედ ამ ინფორმაციას ეფუძნება.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად OpenAI-ზე, რომელმაც აპრილის დასაწყისში მასაიოში სონის SoftBank-ისგან $300-მილიარდიaნი შეფასების საფუძველზე $40 მილიარდი მოიზიდა, რითაც სემ ოლტმენი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. მიმდინარე წელს, OpenAI-ის შემოსავალი, სავარაუდოდ, $12.7 მილიარდი იქნება, რაც შარშანდელ შემოსავალს 243%-ით აღემატება. მოგებაზე გასვლას კომპანია 2029 წლისთვის პროგნოზირებს, როცა მისი წლიური შემოსავალი $125 მილიარდამდე გაიზრდება.
OpenAI-ის ეს კოსმოსური შეფასება კონკრეტულ ფინანსურ შედეგებს ეფუძნება. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის წოდებას სემ ოლტმენის კომპანია, პირველ რიგში, ChatGPT-ის დამსახურებით ატარებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ნეირონული ქსელია. OpenAI-ის შეფასება ასევე ეფუძნება რამდენიმე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელშიც ორგანიზაცია პირდაპირაა ჩართული. ამ პროექტებს შორის ერთ-ერთი — დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში დაანონსებული Stargate-ია, რომლის ფარგლებში OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი აშშ-ის ეკონომიკაში $500 მილიარდ დააბანდებენ.