გასულ 2024 წელს გლობალურ საფონდო და კრიპტობირჟებზე აღმასვლის არნახული ტენდენცია ვიხილეთ, რომელმაც კომპანიებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგა.
წელი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, MicroStrategy-ისთვის, რომელმაც 22 მილიარდ დოლარად 258,000-მდე ბიტკოინი შეიძინა, ანუ კომპანიამ ერთ ბიტკოინში საშუალოდ 85,000 დოლარი გადაიხადა.
მიუხედავად, ასეთი მაღალი შესასყიდი ფასისა, კომპანიამ მაინც მოახერხა არარეალიზებული მოგების მიღება, რადგან 2024 წელს ბიტკოინის ფასმა რეკორდულ 108,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, ანუ ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდა.
ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 439,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $47 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.
კომპანიის ხელმძღვანელის, მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია ათწლიან კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს. გარდა ამისა, კომპანია ბირჟაზე დამატებით აქციებს უშვებს, რათა ინვესტორების მხრიდან მოზიდული თანხა ბიტკოინის შესყიდვაზე მიმართოს.
სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.