მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

სებ

გთავაზობთ გასული კვირის - 5-11 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა, გაიზარდა ინფლაციის პროგნოზიც

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა, აქამდე სებ-ი წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. შესაბამისად, განახლებული პროგნოზით სებ-ი უფრო მაღალ ზრდას მოელის ვიდრე საქართველოს მთავრობა, რადგანაც 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში არსებული 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედეს.

ასევე 3.8%-მდე გაიზარდა 2025 წლის ინფლაციის პროგნოზიც.

აპრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.

გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი, მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.

2025 წლის 4 თვეში ბიუჯეტმა ₾7.1 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის თანახმად, 2025 წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7.1 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 270 მილიონი ლარით მეტია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული თანხა, ხოლო მოგებისა და აქციზიდან მიღებული შემოსავლები კი შემცირებულია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასე ნაწილდება:

გადასახადი 4 თვე 2025 ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
დამატებული ღირებულების გადასახადი 2,506,445,449 ლარი; 4%
საშემოსავლო გადასახადი 2,490,828,157 ლარი; 14%
მოგების გადასახადი 974,472,239 ლარი; -15%
აქციზი 704,198,255 ლარი; -6%
იმპორტის გადასახადი 45,162,926 ლარი; 1%

ჩუმათელეთი-ხევის დარჩენილი 4-კილომეტრიანი გზის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლიანი გზის მშენებლობა მალე დასრულდება, რის შემდეგაც დასრულებულ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი.

პროექტს China State Construction Engineering Corporation-ი აშენებს, გზის ეს მონაკვეთი მთლიანობაში 11.7 კილომეტრის სიგრძისაა საიდანაც გზის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია. მშენებლობა 330 მილიონი ლარი ჯდება. ამასთან გზის ამ მონაკვეთზეა მეწყრული ფერდი, რომლის გამაგრებისთვის 2024 წელს დამატებით 62 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ჩქაროსნული მაგისტრალის სურამის შემოვლითი 6.4-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის წელს გაიხსნება, თუმცა პრესრელიზში მშენებლობის დასრულების ზუსტი დრო დაკონკრეტებული არ არის.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში გაფორმდა და ის 4 წელში უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას 265 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ხოლო მისი კონტრაქტორი ჩინური კორპორაცია “სინოჰიდრო” აშენებს. ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის თავდაპირველად კონტრაქტი 2017 წელს კომპანია Astaldi-სთან გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან სამართლებრივი დავა დაიწყო.

საქართველოში საწვავის ფასი შემცირდა

საქართველოში საწვავის ფასი კლებას განაგრძობს, რაც საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირებითაა განპირობებული.

მარტის ბოლოს ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირების შემდეგ, მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ფასია კიდევ 9-10 თეთრით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მაისში საწვავის გაიაფებას კონკურენციის სააგენტოც აანონსებდა, საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში.

საქართველოს რკინიგზას და სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი დირექტორები ჰყავს

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა.2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ზარდიაშვილი ასევე იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან".

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორიც შეიცვალა, ამ პოსტზე დავით ფერაძეს რომელიც კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში მართავდა, ლაშა აბაშიძე ჩაანაცვლებს, რომელიც 2016-2017 წლებში თბილისის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა.

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი აქტივები 2.5 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 4.7%-ით იმატა და 657 მილიონი ლარი შეადგინა.

ამის მიუხედავად 2024 წელს შემცირდა კომპანიის მოგება და ის 67.9 მილიონი ლარი იყო, შედარებისთვის 2023 წელს კომპანიის მოგება 86.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიისთვის 2024 წელს მთავარ ხარჯს მასში დასაქმებული 12 ათასამდე თანამშრომლის ხელფასი წარმოადგენდა, რაზეც 233 მილიონი ლარი დაიხარჯა.

უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა ვიზიტები შემცირდა

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 15 წელს ზემოთ რეზიდენტებმა უცხოეთში სულ 482 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად დაკავშირებულია ე.წ. ექსკურსიულ ვიზიტებთან, რომლებიც ერთდღიან ვიზიტებს წარმოადგენს. ამ კატეგორიის სულ 159 ათასი ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5%-ით ნაკლებია. ყველა დანარჩენ ვიზიტს, რომელთა ხანგრძლივობაც 1 დღეს აღემატება საქსტატი ტურისტულ ვიზიტად აღრიცხავს, ამ ვიზიტების რაოდენობა წელს 323 ათასი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს 15 წელს ზემოთ რეზიდენტებმა ყველაზე მეტი 181 ათასი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს, რაც მთლიანი ვიზიტების 37.6%-ს შეადგენდა. თურქეთში ვიზიტების კლება სწორედ თურქეთსა და რუსეთში ვიზიტების შემცირებას უკავშირდება, ხოლო ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობა კი წელს 1%-ით გაიზარდა და მან 87 ათასს მიაღწია.

ქვეყანა 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით
თურქეთი 181,070 ვიზიტი; -9%
ევროკავშირი 86,778 ვიზიტი; 1%
სომხეთი 68,940 ვიზიტი; 8%
რუსეთი 65,084 ვიზიტი; -25%
აზერბაიჯანი 11,088 ვიზიტი; 6%
სხვა ქვეყნები 69,422 ვიზიტი. -10%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები