ტყავის ჩანთების, აქსესუარების და ახლა უკვე ფეხსაცმლის მწარმოებელი “გეფერინი” 2019 წლიდან მომხმარებლებს ამავე ბრენდის ტანსაცმელსაც შესთავაზებს.
"აქსესუარები თითქმის შევავსეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ტანსაცმელზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და გვსურს, 2019 წელს ტანსაცმლის წარმოება დავიწყოთ. თუ ასე მოხდა, მაშინ მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს შევთავაზებთ“, - ამბობს „გეფერინის“ დამფუძნებელი ილია გეფერიძე BM.Ge-სთან.
კომპანია უკვე ორი თვეა, მომხმარებელს ჩანთების გარდა "გეფერინის" ბრენდით შექმნილ ფეხსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს, თუმცა ჯერ - მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისათვის.
"2019 წელს დაგეგმილი გვაქვს ისე დავხვეწოთ ფეხსაცმლების წარმოება, რომ საექსპორტო ბაზრებს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ“, - აცხადებს ილია გეფერიძე.
ამ დროისთვის "გეფერინის" გაყიდვებში 71% კვლავ ჩანთებს უჭირავს და როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, მათი გათვლაც სწორედ ეს არის, რომ ბრენდისთვის მთავარი ჩანთა იყოს და სხვა ყველაფერი მომხმარებლებს როგორც დამატებითი პროდუქტი, ისე შესთავაზონ.
BM.Ge-სთან ილია გეფერიძე ყვება, რომ გასული ორი თვის შედეგებით, გაყიდვებში დიდ წილს, სავარაუდოდ, მალე ფეხსაცმელი დაიკავებს.
2019 წლის გეგმებში "გეფერინის“ პირველი თვის გეგმაში თბილისში ახალი მაღაზიის გახსნაც შედის.
"თბილისი მოლში" საქართველოში კომპანიის მეხუთე მაღაზია იანვარში გაიხსნება.
"გეფერინის“ დამფუძნებლის თქმით, ბრენდული მაღაზიის მიმართ ინტერესი ქუთაისშიც არსებობს და ამ თემას განიხილავენ, თუმცა სხვა ქალაქებთან დაკავშირებით, ჯერ გეგმები არ აქვთ.
მომავალ წელს კომპანია ახალ ბაზრებზე გასვლასაც აანონსებს.
ილია გეფერიძის თქმით, ჰონგ კონგის შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შანხაის ბაზარზე შესასვლელად.