ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა სამინისტრო დატოვა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გადაინაცვლა.
როგორც BM.GE–ს ჩიქოვანმა განუცხადა, ეს მისი და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
„ჩემს ფუნქციებს ენერგეტიკის განვითარების ფონდში უკეთ განვახორციელებ“, – განმარტა გიორგი ჩიქოვანმა, რომელმაც ენერგეტიკის განვითარების ფონდში რომეო მიქაუტაძე ჩაანაცვლა.
ჩიქოვანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რა მიმართულებით გააგრძელებს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი საქმიანობას.
მისივე განმარტებით, შესაბამის გადაწყვეტილებას პრემიერი ხელს მომდევნო კვირის განმავლობაში მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შემდეგ კი მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ენერგეტიკის მიმართულებით განაგრძლო მუშაობა.