მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Chrome-ი იყიდება? — ვის სურს ყველაზე პოპულარული ბრაუზერი

chrome

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Google-ი ბევრი რამითაა ცნობილი, მათ შორისაა იგივე სახელწოდების მქონე საძიებო სისტემა, Gemini-ის სახელით ცნობილი ხელოვნური ინტელექტი ან Gmail-ის სახელით ცნობილი ელექტრონული ფოსტა. ამ ჩამონათვალში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს Google-ის ბრაუზერი, Chrome-ი იკავებს, რომელსაც ინტერნეტთან დასაკავშირებლად ყოველდღიურად ოთხი მილიარდი ადამიანი იყენებს. კომპიუტერების და სმარტფონების ბაზარზე Google Chrome-ზე ბაზრის 65% მოდის, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ის უბრალოდ უალტერნატივოა.

დიდი ბაზრის წილი, როგორც ცნობილია, დალოცვაცაა და წყევლაც, რადგან ამ გზით, ერთი მხრივ, დიდძალი შემოსავლის გენერირება შეიძლება, მაგრამ თან არ უნდა დაივიწყო მარეგულირებლები, რომლებიც Google-ის მსგავს ტექნოლოგიურ კომპანიების არ სწყალობენ. საქმე ისაა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს და Google-ის მენეჯმენტს შორის ამჯერად მორიგი სასამართლო დავა მიმდინარეობს, რომლის შედეგად, შესაძლოა, Google-მა ბრაუზერის განკარგვის უფლება დაკარგოს, რადგან ბრალდების მხარის მტკიცებით, Chrome-ის არსებობით, ბრაუზერების ბაზარზე ამერიკულ კომპანიას მონოპოლია აქვს.

აღნიშნულ სასამართლო დავას დიდი ინტერესით აკვირდებიან სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც Google Chrome-ის შესაძენად რამდენიმე მილიარდ დოლარს არ დაიშურებენ. ასეთი აქტივის მიმართ ინტერესი, ცხადია, ყველას აქვს, მაგრამ მივა თუ არა ეს დავა Chrome-ის გაყიდვამდე, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ამ დავის დასრულებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება და თუ Google-მა წააგო, როგორც ვიცით, კომპანია მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, ანუ Google-ის ჰოლდინგიდან Chrome-ის გასვლის შესახებ, შესაძლოა, 2030-იან წლებში შევიტყოთ.

მაშ, რატომ უნდათ კომპანიების Google Chrome-ის გამოსყიდვა? ამ კითხვას, რამდენიმე პასუხი აქვს და თითოეული მათგანი, საბოლოო ჯამში, ბრაუზერის დომინანტობამდე მიდის. კომპანიას, რომელიც Google Chrome-ის მესაკუთრე გახდება, შეუძლია, საძიებო სისტემად ის ჩააშენოს, რაც სურს, რაც წამში ძალიან დიდ აუდიტორიას მისცემს. შედეგად, Google-ის საძიებო სისტემის დომინანტობა, დიდწილად, სწორედ Chrome-ის ფაქტორზე დგას. შედეგად, თუ ერთ დღეს Google-ის ნაცვლად Chrome-ში სხვა საძიებო სისტემა გამოჩნდა, მაგალითად DuckDuckGo ან Bing-ი, ამ ბრაუზერების მაჩვენებელი მყისიერად გაიზრდება.

ამ დროისთვის, Google Chrome-ის შესაძლო მყიდველებს შორის სამი კომპანია განიხილება, ესენია: ChatGPT-ის შემოქმედი OpenAI, აგრეთვე AI-კომპანია Perplexity და ერთ დროს პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Yahoo. OpenAI-ის შემთხვევაში, მოტივაცია გასაგებია, რადგან Chrome-ის შესყიდვით, კომპანია ბრაუზერში ChatGPT-ის ჩააშენებს, რითაც მომხმარებელთა ბაზას რამდენიმეჯერ გაზრდის და თან დიდძალ ინფორმაციაზე წვდომას მიიღებს. ასეთივე ლოგიკაა Perplexity-ის შემთხვევაში, მაგრამ Yahoo-სთვის Chrome-ის შესყიდვა, გარკვეულწილად, გადარჩენა და ბაზარზე დარჩენას ნიშნავს.

ისე კი, თუკი ეს გარიგება საერთოდაც შეხვდა, ვინც არ უნდა იყიდოს Google Chrome-ი, ამ აქტივში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. სხვადასხვა დათვლებით, Google Chrome-ის ღირებულება $150-დან $200 მილიარდამდე მერყეობს, ანუ Chrome-ი ცალკე კომპანია რომ ყოფილიყო, მსოფლიოში 65-ე ადგილს დაიკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები