მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორში არაერთი გამოწვევაა, საკმაოდ პოზიტიურია ის პროგნოზები, რასაც ტურიზმის სექტორის კვლევაზე დაყრდნობით Galt & Taggart აკეთებს. ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიის პროგნოზით, 2022 წლისთვის საქართველომ, შესაძლოა, 7.6 მილიონ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი BM.GE-თან აცხადებს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ბოლო 5 წელიწადში გაორმაგებულია. მისი თქმით, გაორმაგებულია ტურისტების რიცხვიც, თუმცა რასაც ისინი უყურებენ, ეს არ არის ამ სექტორის პიკი.
,,განსაკუთრებით მწვავედ დგას საშუალო და დაბალშემოსავლიანი სასტუმროების სიმცირე და მათი ხარისხი. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს. იმასაც ვხედავთ, რომ ინვესტორების ინტერესი რეგიონებისკენ იხრება. მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის არასაკმარისი ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საჰაერო მიმოსვლა. კი მოხდა რეკორდული ავიახაზების შემოსვლა, ფრენების სიხშირეც გაიზარდა, თუმცა ეს კიდევ არასაკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება და აგრეთვე ერთ-ერთი მწვავე საკითხია კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა ამ სექტორში. დაგეგმილი პროექტების ფონზე შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მწვავედ დადგეს კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა’’-განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.
იმისთვის, რომ ქვეყანამ მაღალმხარჯველი ტურისტები მოიზიდოს და მათი რაოდენობა მომავალ რამდენიმე წელში პროგნოზირებულ მაჩვენებლებს გაუტოლდეს, კვლევა მთავრობას ისეთი ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულებების შეთავაზებას ურჩევს, რაც დღეს ნაკლებად ათვისებულია. ასეთი კი არაერთი მიმართულებაა, მათ შორის ე.წ. მაის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, ეკოტორუზმი და სხვა. პრიორიტეტს წარმოადგენს ასევე ზამთრის კურორტების პოტენციალის სრულად ათვისება და სათამაშო ბიზნესის განვითარება, როგორც ტურიტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალება.