ავტორი: სანდრო ალავიძე, Amazon-ის მონაცემთა ანალიტიკოსი
ალბათ, ბევრს აქვს საოცნებო სამსახური, რომელიც იმდენად შორეული და მიუწვდომელია, რომ ცდილობ არც იფიქრო.
ჩემთვის ეს სამსახური იყო Amazon - კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების, მონაცემებისა და გლობალური გავლენის ეპიცენტრშია. მეექვსე თვეა, ამაზონის სიეტლის ოფისში მონაცემთა ანალიტიკოსად ვმუშაობ. მონაცემებზე დაყრდნობით ვაფასებ რისკებს, ვიღებ ბიზნეს გადაწყვეტილებების, ვაკეთებ საჭირო დასკვნებს და გუნდთან ერთად ვმუშაობ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ სამომხმარებლო გამოცდილება.
სანამ აქ მოვხვდებოდი, გზა არც მოკლე იყო და არც პირდაპირი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, SAT ტესტში მიღებული მაღალი ქულებით სრული დაფინანსება მივიღე ამერიკის სამ უნივერსიტეტში. არჩევანი Earlham College-ზე შევაჩერე. იქ მივხვდი, რომ მონაცემები უბრალოდ რიცხვები არ არის — მათ უკან დგას გადაწყვეტილებები, ქცევები და შედეგები. ეკონომიკისა და სტატისტიკის შესწავლამ ჩემი ინტერესები საბოლოოდ გაამყარა.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას მონაცემთა მეცნიერებაზე მკაფიო წარმოდგენა არ მქონდა, მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო და პერსპექტიული XXI საუკუნის პროფესია, სადაც თავს ბუნებრივად ვგრძნობდი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი პროფესიული გამოცდილება ACT-ში მივიღე. შემდეგ იყო Extra.ge და Pasha Bank-ი, სადაც ზუსტად გავიაზრე, როგორ ებმება მონაცემთა ანალიზი უშუალოდ ფინანსურ სტრატეგიებს.
მივხვდი, რომ მონაცემების საშუალებით გაცილებით ეფექტურ რეალურ გადაწყვეტილებებს იღებ. გადავწყვიტე, რომ უფრო სიღრმისეულად უნდა მესწავლა ეს სფერო — და ამიტომ ჩავაბარე North Carolina State University-ში, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე.
სწავლის პერიოდში ვმუშაობდი DataArt-ში — ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიაში, სადაც უკვე საერთაშორისო გუნდთან ერთად რეალურ კლიენტებთან ვმუშაობდი. მაგისტრატურის ფინალურ ეტაპზე კი კარიერა გავაგრძელე Onemain Financial-ში, აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ორგანიზაციაში.
Amazon-ის ვაკანსიას ერთ საღამოს წავაწყდი. ბევრი არ მიფიქრია — მაშინვე გავაგზავნე ჩემი რეზიუმე.
შემდეგ იყო ის, რასაც ალბათ ყველა კანდიდატი ყველაზე მეტად ელოდება და აშინებს — მრავალსაფეხურიანი ინტერვიუები. პირველ ეტაპზე ტექნიკური და თეორიული ტესტირება გავიარე, შემდეგ გუნდური გასაუბრება, სადაც უკვე რეალურ ამოცანებზე მსჯელობა მომიწია. ბოლო ეტაპი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო — ხუთსაათიანი ინტერვიუ სრულიად განსხვავებული განყოფილებების წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც ჩემი გუნდის წევრებიც არ იყვნენ — მათი ამოცანა იყო, ობიექტურად შეეფასებინათ ჩემი შესაბამისობა კომპანიის ღირებულებებსა და მოლოდინებთან.
სამ დღეში დადებითი პასუხი მივიღე.
ახლა Amazon-ში ჩემი მთავარი ამოცანაა მონაცემების ზუსტი ანალიზით, ისეთი რეკომენდაციების გაცემა, რომელიც გავლენას ახდენს ოპერაციულ ეფექტიანობაზე, ბიზნესის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და რისკების მართვაზე. ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები უსწრაფესად მიიღება — და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ანალიტიკოსს ჰქონდეს სიზუსტე, კონტექსტის გააზრება და მუდმივად სწავლის სურვილი. ჩემთვის ეს პოზიცია არა მხოლოდ მიღწეული მიზანია, არამედ განვითარების ახალი ეტაპი ისეთ სფეროში, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ტრანსფორმაციას.