მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HDFOREX: ბირჟების მიმოხილვა

5ae6a0c2842e9
BM.GE
30.04.18 09:00
997
გასული კვირის განმავლობაში კვლავ მნიშვნელოვანი იყო დოლარის გამყარება ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით. ყველაზე მეტად დოლართან დასუსტდა ახალ ზელანდიური დოლარი, ფუნტ სტერლინგი და შვეიცარული ფრანკი.

აღსანიშნავია ბრიტანული ფუნტის ვარდნა. სტერლინგმა ისევ დათმო პოზიციები – ერთი მხრივ, ძალიან სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და, მეორე მხრივ, კვლავ დოლარის სიძლიერის ფონზე. ამ ვარდნის დროს ფუნტმა, ფაქტობრივად, მიაღწია მარტის მინიმუმს და დააფიქსირა 1,3750 ნიშნული. როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს გამოქვეყნდა მონაცემი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. წლის მიხედვით მშპ გამოვიდა 1,2%, რაც გასულ მაჩვენებელთან შედარებით 0,2%–ით ნაკლებია. კვარტლის მიხედვით კი მშპ-მ მოიმატა მხოლოდ 0,1%–ით, რაც გასულ მაჩვენებელთან შედარებით 0,3%–ითაა შემცირებული. წლის მონაცემი უკვე ბოლო 6 თვის განმავლობაში იკლებს და 1,9%–დან ჩამოვიდა 1,2%–მდე.

ეს გამოწვეულია არა მარტო საგარეო ფაქტორებით, არამედ შიდა ფაქტორით. პირველ რიგში, მიზეზი ისევ ბრექსიტი და ევროპასთან დაურეგულირებელი სავაჭრო ურთიერთობია. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება და თუ კვლავ გამოვა ცუდი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ისევ ვიხილავთ ფუნტ სტერლინგის დაღმავალ სვლას.

გასულ კვირას მნიშვნელოვანი იყო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა მომავალ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბატონმა მარიო დრაგიმ მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალში კვლავ ელოდება დადებით ძვრებს. ეს, პირველ რიგში, შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს და, მისი განცხადებით, იგი ახლო მომავალში უკვე დარეგულირდება. თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ საგარეო ფაქტორებიც საყურადღებოა და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შესაძლებელია ცოტა შემაფერხებელიც იყოს. რაც ეხება ბანკის მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს, იგი გარკვეული დროით კვლავ უცვლელი დარჩება და ახალ ნაბიჯებს არ გადადგამენ.
ამ გამოსვლიდან კარგად ჩანდა, რომ ევროპის ბანკის პრეზიდენტმა ორაზროვნად ისაუბრა და დაიტოვა უკან დასახევი გზაც. მიუხედავათ ბანკის მხრიდან დადებითი განწყობისა, ევრომ დოლართან მიმართებით განავითარა დაღმავალი მოძრაობა. შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორებმა მარიო დრაგის არ დაუჯერეს, რადგან რიგ ევროზონის ქვეყნებში დაფიქსირდა დაბალი მაჩვენებლები. პირველ რიგში, ეს ეხება საფრანგეთს, რომელიც არის ევროზონის მეორე ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შენელდა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წლის და კვარტლის მასშტაბში მოიმატა მხოლოდ 0,3%–ით, რაც გასულ მაჩვენებელთან შედარებით 0,4%–ით ნაკლებია. ასევე, კლება დაფიქსირდა ესპანეთშიც.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს ველით ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ოთხშაბათს 22:00 სთ–ზე გამოქვეყნდება მაკროეკონომიკური მაჩვენებელი საპროცენტო განაკვეთის თაობაზე, რასაც მოყვება ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადება. ამ ეტაპისთვის საბაზისო პროცენტის ცვლილებას არ ველით. იგი კვლავ დარჩება 1,75%–ზე. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ფედ. რეზერვის ხელმძღვანელის განცხადება. სავარაუდოდ, ამ განცხადებაში ნათქვამი უნდა იყოს, თუ როდის გეგმავს სისტემა კვლავ აწიოს საბაზისო პროცენტი. ასევე, გამახვილებული იქნება ყურადღება ინფლაციასთან და შრომის ბაზართან დაკავშირებით.
პარასკევს 16:30 საათზე გამოქვეყნდება ორი მნიშვნელოვანი მონაცემი – არასასოფლოსამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე. პირველ მონაცემში ველით ზრდას 195 ათას ადამიანამდე. რაც ეხება უმუშევრობას, აქ ველით კლებას 0,1%–ით და უმუშევრობის 4%–ზე დაფიქსირებას. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ უმუშევრობის რაოდენობა უფრო შემცირდეს და დაფიქსირდეს 3,9 ან ნაკლებ პროცენტზე. საქმე სეზონურ სამუშაოებშია. ამიტომ თუ ორივე მონაცემი დადებითი გამოვიდა, შესაბამისად, დადებითად აისახება დოლარის ფასზე და დოლარი შეიძლება კვლავ გამყარდეს ძირითად ვალუტებთან მიმართებით.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები