ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა. ბოლო დღე-ღამეში ახალი ტიპის კორონავირუსი 10,956 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში COVID-19-ი უკვე 297,535 ადამიანს გამოუვლინდა.
ინფიცირების რაოდენობით ინდოეთმა მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ინდოეთში 141,842 აქტიური შემთხვევაა, 147,194 კი, უკვე გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში COVID-19-ს 8 498 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მუმბაიში, დელიში და ჩენაიში გამოვლინდა.
CNN წერს, რომ ქვეყნის საავადმყოფოები ცდილობენ გაუმკლავდნენ პაციენტების რაოდენობას, ამასთანავე ბევრი ადამიანი საჭირო მკურნალობის გარეშე იღუპება.