Infinite Energy-ს იმერეთში 200 მეგავატიანი ქარის სადგურის მშენებლობა სურს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის კრეშიმირ კონდიკის ინფორმაციით, საუბარია 250-მილიონ დოლარიან ინვესტიციაზე.
"იმერეთში, საჩხერის მიმდებარედ პროექტის განხორციელება 2015 წლის ნოემბერში დავიწყეთ. ამ დროისთვის 4 ლოკაციას ვსწავლობთ. საწყის ეტაპზე საუბარია 200 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურზე. უნდა ვთქვა, რომ ამ ლოკაციების პოტენციალი საკმაოდ მაღალია და გაკვირვებულებიც კი ვართ იმ შედეგებით, რომლებიც მივიღეთ. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, დღესდღეობით ასეთ ტრენდია, რომ ქარის ტურბინების ღირებულება წლიდან წლამდე იაფდება. ბოლო ერთ წელში ღირებულებამ 10-12%-ით დაიკლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, თითო მეგავატზე დაახლოებით მილიონ-ნახევარი დოლარის გათვალისწინება მოგვიწევს, რაც მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას ნიშნავს",- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პროექტის განხორციელებაზე, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაასრულებს, შემდგომი ნაბიჯი კი საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმება იქნება.
Infinite Energy-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ უფრო რეალისტურია, პროექტის მშენებლობა მომდევნო წლიდან დაიწყოს.
"სამწუხაროდ, ამ ენერგიას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ბაზარი მხოლოდ ადგილობრივი არ უნდა იყოს და უნდა ბალანსდებოდეს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობით",- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.