ფინანსთა სამინისტრომ დოკუმენტი - "მაკროეკეონომიკური რისკების ანალიზი" გამოაქვეყნა. ანალიზის მიხედვით, საქართველოში უმსხვილესი ინფრასტრუქურული პროექტების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ქვეყნისთვის მაკროეკონომიკურ რისკს წარმოადგენს. ამ რისკის აღიარების მიუხედავად, მთავრობა ინფარსტრუქტურული პროექტების დაბალ შესრულებას არა საკუთარ მენეჯერულ გადაწყვეტილებებს, არამედ “არაკონტროლირებად ფაქტორებს” უკავშირებს.
“2019 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც წინა 2 წლის ბიუჯეტებში ცენტრალურ როლს ინფტრასტრუქტურის დაჩქარების პროგრამა თამაშობს. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მსხვილი ინფტრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც მრავალ არაკონტროლირებად ფაქტორებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული დასრულება და გამოყოფილი თანხების ათვისება, უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ ეკონომიკურ ზრდაზე,”- წერია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.
რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისების მაჩვენებელი დაბალია. მაგალითად, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე წლის 9 თვეში 311 მილიონი უნდა დახარჯულიყო.
ინფარსტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, ინფრასრტრუქტურის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობამ 80 მილიონი გაითვალისწინა ისეთი პროექტებისთვის, რომელთა დონორებიც მოძიებული არ იყო.
“დაახლოებით 80 მილიონი მოდის ისეთ პროექტებზე, რომლებზეც ბიუჯეტის მიღების დროისთვის დონორების თანხმობა არ არსებობდა. ზოგზე მხოლოდ ახლა ბოლო ერთ თვეში მოეწერა ხელი. ანუ დონორიც არ იყო განსაზღვრული, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსების წილი ამ პროექტებზეც მოდიოდა. ერთია ზედმეტად ოპტიმისტური, ან არასწორი დაგეგმვა, ეს ცოტა ირელევანტური იყო, ანუ გაითვალისწინო 80 მილიონი პროექტზე, რომლის დაფინანსებაც გადაწყვეტილი არაა,”- ამბობს მინისტრის მოადგილე.