ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინურ აპლიკაციებთან ბრძოლის ახალი ეპოქა იწყება, რომელსაც პირველ რიგში TikTok-ი და მასთან დაკავშირებული ვიდეოსამონტაჟო აპლიკაცია, CapCut-ი შეეწირა. ამერიკულ პოლიტიკაში დაწყებულ ახალ ეპოქას რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება, მაგრამ პირველ რიგში, მოგებულ მხარეს მდგომ კომპანიებს შორის მარკ ზაკერბერგის მულტიპროფილური ჰოლდინგი META უნდა ჩავთვალოთ, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი ერთიანდებიან.
თუკი TikTok-ის ანალოგი, რომელსაც ჩვენ Instagram Reels-ის სახელით ვიცნობთ, META-მ დიდი ხნის წინ შექმნა, ახლა ბაზარზე Edits-ი გამოჩნდა, რომლითაც მარკ ზაკერბერგს და კომპანიას კიდევ ერთი ჩინური აპლიკაციის, CapCut-ის მომხმარებლების გადაბირება სურს. როგორც Instagram-ის დირექტორმა, ადამ მოსერიმ განაცხადა, ამ აპლიკაციაზე მუშაობა META-მ თვეების წინ დაიწყო, მაგრამ თავად განცხადება აშშ-ში TikTok-ის გათიშვის ამბავს დაამთხვია, რაც გასაგებია, რადგან ასე, META ჩინური სოციალური ქსელის გარშემო არსებული გაურკვევლობით სარგებლის მიღება სურს.
Edits-ის გადმოწერა, ამ დროისთვის, შეუძლებელია, მაგრამ მომხმარებლებს აპლიკაციის წინასწარ შეკვეთა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია 2025 წლის 13 მარტიდან ამუშავდება. როგორც Edits-ის App Store-ის გვერდიდან ვიგებთ, ვიდეომონტაჟის გარდა მომხმარებლებს შეუძლიათ აპლიკაცია 10 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოების გადასაღებად გამოიყენონ და შემდეგ, ვიდეო Full HD ფორმატში Instagram-ზე განათავსონ. აპლიკაციაში ასევე ხელმისაწვდომია ვიდეოს დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკური ხელსაწყოები და ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც, სხვა დავალებებთან ერთად, ფოტოების ვიდეოდ გადაქცევა შეუძლია.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვიდეოს ტექნიკური დამუშავების გარდა, Edits-ის მომხმარებლები ამ აპლიკაციიდან Instagram-ზე განთავსებული კონტენტის სრულ ანალიტიკასაც მიიღებენ. როგორც Edits-ის App Store-ის გვერდზე ვკუთხულობთ, ინფლუენსერები რეალურ დროში გაეცნობიან, როგორც ვიდეოების ნახვის სტატისტიკას, ასევე დეტალურ ანალიზს გამომწერების და არაგამომწერების და მათი გემოვნების მიხედვით. ამ ხელსაწყოების გამოყენებით, Edits-ის მომხმარებლები უფრო პოპულარული, ანუ მათ აუდიტორიაზე მეტად მორგებული კონტენტის შექმნას შეძლებენ, რაც, წესით, გაზრდის, როგორც ნახვებს, ასევე შემოსავალს.