მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნებიან თუ არა საპენსიო რეფორმაში ჩართული ბანკები?

5c12448e0ad76
სალომე მეცხვარიშვილი
13.12.18 16:10
788
მომდევნო წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40- წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, 40 წელს ზემოთ გადაცილებულთათვის კი სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით იქნება, თუმცა პირველი სამი თვე აღნიშნული კატეგორიაც ვალდებული ხდება, სისტემაში ჩაერთოს. 

შედეგად, ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, საიდანაც 2%-2%-2%-ს ჩარიცხავს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.

თანხები საპენსიო ფონდში შეგროვდება, ფონდში იარსებებს საინვესტიციო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს, სად და რა პერიოდით უნდა დააბანდოს საპენსიო აქტივი.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბანკები მზად არიან, ჩაერთონ საპენსიო რეფომაში აქტივების მართვის თვალსაზრისით.

მისი განმარტებით, საუბარია, მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაზე.

„კერძო საპენსიო ფონდების შექმნა ამ რეფორმის საფუძველზე ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟის გაცოცხლებას და გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომ მათ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები, ან კაპიტალი მოიზიდონ საფონდო ბირჟის მეშვეობით. ჩვენ ხელს ვუწყობთ საფონდო ბირჟის განვითრებას, ეს ერთი, და ასევე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას თვითონ მოსახლეობის საპენსიო შენატანების შედეგად შექმნილი აქტივების მართვაში. იმისთვის, რომ ეს აქტივები იყოს ეფექტურად და მაქსიმალურად მომგებიანად მართული“, - აცხადებს ჯაფარიძე.

საპენსიო სააგენტოს უფროსი ლევან სურგულაძე კი, BM.GE-სთან განმარტავს, რომ სისტემაში ბანკების მონაწილეობა არ განიხილება.

„ბანკები გვიწევენ ჩვეულებრივ მომსახურეობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ბანკში გვექნება ანგარიში და დამსაქმებელს სადაც აქვს სახელფასო ანგარიშები, ბანკიდან ბანკში გადარიცხვების ხარჯის თავიდან ასაცილებლად, ჩვენს ანგარიშზე დასვამს შესაბამის თანხებს. ეს არის და ეს. სხვა ჩართულობას არ მოვიაზრებთ“,- აცხადებს ლევან სურგულაძე.

მისი განმარტებით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მართვისთვის შიდა სტურქტურა ექნება.

„ამ ეტაპზე აქტივების მმართველის აუთსორსინგს არ განვიხილავთ. კომერციული ბანკები ვერ იქნებიან აქტივების მმართველები. გვექნება ჩვენი საინვესტიციო საბჭო, საინვესტიციო სამსახური, რომელიც აქტივებს თავად მართავენ.

აქტივების მართვის სურვილი ყველას შეიძლება ჰქონდეს. კანონით ეს აკრძალული არ გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მოვიაზრებთ  აქტივების მმართველ სხვა კომპანიებს“,- აცხადებს ლევან სურგულაძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები