მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანიდან ტურისტები მცირდება: სექტემბერში - 42%-ით იკლო, ოქტომბერში კი - 4.5%-ით

5be6e425b82be
თელარა გელანტია
11.11.18 12:00
983
საქართველოში ირანელი ვიზიტორების რიცხვი მცირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წლის მაისის ჩათვლით, ირანიდან ვიზიტორების რიცხვი იზრდებოდა, მაგრამ მაისიდან ქვეყანაში ირანელი ვიზიტორების კლებაა.

კერძოდ, ივნისში საქართველოში 5.4%-ით ნაკლები ირანელი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში; ივლისიდან კი, კლების ტენდენცია კიდევ უფრო გაიზარდა და სექტემბერში საქართველოს 27, 719 ირანელი ვიზიტორი ესტუმრა ანუ 41.6%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის - სექტემბერში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 10 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2000-მდე მოქალაქეს ეთქვა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

კერძოდ, 2014 წელს საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 71 მოქალაქე, 2015 წელს - 298, 2016 წელს - 30, 2017 წელს - 100, ხოლო 2018 წლის ათ თვეში კი - 1,911.

ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ხოლო ოქტომბერში - ირანის 429 მოქალაქეს ეთქვა უარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე ხშირი და ძირითადი მიზეზი საბუთების წესრიგში არქონაა.
გახარიას უწყების არგუმენტებს არ იზიარებს საქართველოში მყოფი ირანელი ბიზნესმენების ნაწილი, მათი იურისტები და ასევე, ტურისტული ბიზნესის ზოგიერთი ქართველი წარმომადგენელი.
Bm.ge-თან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ ხშირად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს, რადგან ირანის ყველა მოქალაქემ არ იცის ინგლისური. მათი რეკომენდაციაა, რომ საზღვარზე სპარსული ენის თარჯიმანი იყოს.

გარდა ამისა, ირანელი ინვესტორების ნაწილს და მათ ქართველ პარტნიორებს ეჭვი აქვთ, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოში პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.

შეგახსენებთ: 2013 წელს „ოცნების“ მთავრობამ სავიზო რეჟიმის მოწესრიგების მიზნით, ირანს უვიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და მხოლოდ 2016 წელს აღუდგინა. სავიზო რეჟიმის დაწესებამ ირანიდან ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა. ისევ უვიზო რეჟიმის აღდგენის შემდეგ კი, ირანიდან ვიზიტორთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. მხოლოდ 2017 წელს 322 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები