საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია, რომელმაც გამომუშავებული ფული საქართველოში ჩამოიტანა და დახარჯა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება შემდეგია - ოლიგარქი არის პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან, პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში, ანუ იგი მეცენატი, ქველმოქმედია და შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელია.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი და სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია. ასე რომ სხვა ყველანაირი სპეკულაციები უსაფუძვლოა. ასე რომ ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორის გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინას რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა პრემიერმა.