24.10.18 18:40
"ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, უკანა ხიდები დაწვა საკუთარი გუნდისთვის“-ამის შესახებ bm.ge-თან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას აცხადებს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში და აპირებს პარტიის გაძლიერებას. “მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. ამას არ დასჭირდება ბევრი დრო, ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში“-განაცხადა ივანიშვილმა.
რომან კაკულიას მოსწონს, რომ ივანიშვილმა გუნდს გამოწვევა დაუსახა, თუმცა ამასთანავე ამბობს, რომ ამით მათ უკან დასახევი გზა მოუჭრა მმართველ პარტიას.
„მან პრინციპში რაც გააკეთა, შეიძლება ითქვას, უკანა ხიდები დაწვა საკუთარი გუნდისთვის. ერთი წლის შემდეგ, ყველას ექნება საფუძველი, კითხოს რას ნიშნავდა ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა. მე მივესალმები იმას, რომ თუ გუნდის გაძლიერებაში და მენეჯმენტის გაძლიერებაში ის ხედავს გამოწვევას, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არსებობს და ყველას ინტერესებში შედის უფრო ქმედითუნარიანი გუნდი, როდესაც ის გაცილებით უფრო ადექვატურია საზოგადოების ტკივილებისა და პრობლემების მიმართ, და სახელის დარქმევა ყველაფრისათვის სწორედ ამას ნიშნავს, რომ შენ უფრო ადექვატური უნდა გახდე, ხოლო ერთი წლის შემდეგ საზოგადოება შეაფასებს სწორედ იმას, რამდენად სწორი იყო ეს აქცენტები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევასთან მიმართებაში. მე აქ დავინახე გარკვეულწილად, რომ ჩაიხერგა უკან დასახევი გზა, რაც პრინციპში ჩვენი საზოგადოების პირობებში ძალიან კარგია“, - აცხადებს რომან კაკულია.
ასევე ნახეთ::