"ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი იყო, უკვე ვმუშაობდით და შედეგები უკვე განსხვავებული გვაქვს იმ კვლევასთან შედარებით რომელიც UNICEF-მა გამოაქვეყნა" - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გადაცემაში "საქმიანი დილა".
რა იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის ახალი UNICEF-ის კვლევაში? ამ კითხვაზე პასუხისას "საქმიანი დილას" ეთერში სტუმრობისას თამილა ბარკალაია ამბობს, რომ ახალი არაფერი ყოფილა გარდა იმ პუნქტისა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ არ იცის.
"ახალი იყო მხოლოდ ის რომ დაახლოებით 11%-მა ჩვენი პროგრამების შესახებ არ იცის. დანარჩენზე შესაბამისი რეაგირება უკვე გაკეთებული იყო. იგივე პრეპარატებთან დაკავშირებით, 2017 წლიდან დაიწყო პროგრამამა მუშაობა, რომელიც 23 დასახელების წამალს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის აფინანსებს. წელს ვმუშაობთ პროექტზე რომელიც ამ რაოდენობას გაზრდის და ვმუშაობთ პროგრამის პოპულარიზაციაზე, რადგან ამ პროგრამის გამოყენება 2017 წელს შესაბამისად არ ხდებოდა", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.