ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომელიც ბოლო წლებში კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის ჩართული, Amazon-ის აქციების გაყიდვას აგრძელებს.
როგორც მარეგულირებლისთვის წარდგენილი უახლესი დოკუმენტიდან ვიგებთ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ჯეფ ბეზოსი ბაზარზე 25,000,000-მდე აქციას გამოიტანს, რითაც $4.8 მილიარდის მობილიზება სურს.
ამჟამად, ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $212 მილიარდად აფასებს. მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი Amazon-ზე მოდის, რომელიც ამერიკელმა 1994 წელს დააფუძნა. თავდაპირველად, Amazon-ი წიგნების მაღაზია იყო, მაგრამ დღეს ის მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიად იქცა. ამასთან, Amazon-ის ჰოლდინგში ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უდიდესი კომპანია AWS-იც შედის, რომელიც ბოლო წლებში, კომპანიისთვის ელექტრონულ კომერციაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წლებია, რაც ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ყოველდღიურ მენეჯმენტში აღარ ერევა. Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტი ბეზოსმა 2021 წელს დატოვა, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისევ ისაა. ამასთან, ჯეფ ბეზოსი Amazon-ის უდიდეს აქციონერად რჩება, რომელზედაც კომპანიის დაახლოებით 9%-იანი წილი და საბჭოში ხმების 12% მოდის.
მაშ, რატომ ყიდის ჯეფ ბეზოსი აქციებს, თუკი მისი ქონება $212 მილიარდს შეადგენს? საქმე ისაა, რომ მილიარდერების და მილიონერების ქონება, როგორც წესი, მეტად არალიკვიდურია, ანუ ის კომპანიის აქციების, უძრავი ქონების და სხვა მსგავსი აქტივების ღირებულებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ქონების შეფასება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. თუკი მილიარდერს სურს, სახლი, კერძო თვითმფრინავი, იახტა ან ნებისმიერი სხვა რამ შეიძინოს, ის იძულებული ხდება აქტივები ნაღდ ფულში გადაცვალოს.
ჯეფ ბეზოსი კი, როგორც ცნობილია, ფულს ხარჯავს არამხოლოდ ძვირად ღირებულ სათამაშოებზე, არამედ სხვა კომპანიებზე, მათ შორის კოსმოსურ ინდუსტრიაში არსებულ Blue Origin-ზე.