მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა Space X-ის Falcon Heavy-ის კონკურენტი წარმატებით გამოცადა

New Glenn
სტატიაში საუბარია:

კოსმოსურ ინდუსტრიაში, რომლის ბედს, ბოლო წლების განმავლობაში, განსაზღვრავენ არა ქვეყნები, არამედ მილიარდერები, მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება. ამჯერად, მნიშვნელოვან პროგრესს Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა მიაღწია. New Glenn — ასე ჰქვია Blue Origin-ის ახალ 100-მეტრიან რაკეტას, რომელიც ჯეფ ბეზოსის კომპანიამ წარმატებით გამოცადა.

რაკეტამ, რომლითაც მომავალში Blue Origin-ი ორბიტაზე კოსმოსური თანამგზავრების გაშვებას გეგმავს დასახულ მიზანს, ანუ დედამიწის ორბიტას მიაღწია. ჯეფ ბეზოსის კომპანიამ რაკეტა ფლორიდის ქალაქ კეიპ-კანავერალში მდებარე კოსმოსური სადგურიდან გაუშვა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ორბიტაზე გასვლა მთავარი მიზანი იყო, რომელიც შესრულდა, მაგრამ პარალელურად ამისა, Blue Origin-მა დაკარგა ავტომონიმიური ბუსტერი, რომელიც დედამიწაზე ვერ დაეშვა. Blue Origin-ის თქმით ეს პრობლემა არ არის. შემდეგი გამოცდა კი, გაზაფხულზე იგეგმება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტექნოლოგია, რომელიც ჯეფ ბეზოსის კომპანიამ New Glenn-ის გასაშვებად გამოიყენა არახალია, ეს ის ნოუჰაუა, რომელზედაც SpaceX-ი დგას. ილონ მასკის კოსმოსური კომპანია, რომელსაც ინვესტორები $350 მილიარდად აფასებენ, კოსმოსურ ინდუსტრიაში არსებული ყველაზე დიდი მოთამაშეა, ხოლო ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი — მისი მთავარი კონკურენტი. New Glenn-ის წარმატებით გამოცდა სწორედ ის ნაბიჯია, რომელმაც ორი კომპანია ერთმანეთს დააახლოვა. ამ რაკეტის განვითარებაზე ჯეფ ბეზოსმა რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი და ათ წელიწადზე მეტი დახარჯა.

აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარება Blue Origin-ისთვის რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ დროისთვის კრიტიკული მხოლოდ ერთია და ის Amazon-ის სატელიტური ინტერნეტის ბიზნესია, რომელიც პროექტ Kuiper-ის სახელითაა ცნობილი. ამ პროექტის ფარგლებში Amazon-მა ორბიტაზე პირველი სატელიტები ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში განათავსა, მაგრამ მაშინ ეს Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმოს, United Launch Alliance-ის მიერ შექმნილი რაკეტით მოხდა. მომდევნო წლებში, Amazon-ი ორბიტაზე 3,300-მდე სატელიტის განთავსებას გეგმავს, რასაც SpaceX-ის Heavy Falcon-ი უზრუნველყოფს.

გამოდის, რომ მჭიდროდ დაკავშირებული კოსმოსური კონტრაქტორის არსებობა Amazon-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხოლო თუ ეს კონტრაქტორი ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი იქნება, ესე იგი, Amazon-ი ფინანსურადაც იხეირებს. აქვე, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, თუ რატომ ფლობს სატელიტების ბიზნესს სწორედ Amazon-ი და არა თავად Blue Origin-ი? ეს გადაწყვეტილება ჯეფ ბეზოსის ქლაუდ-სერვისების ბიზნესიდან, AWS-დან გამომდინარეობს, რომელიც სწორედ Amazon-ის შემადგენლობაში შედის. არ არის გამორიცხული, რომ პროექტ Kuiper-ის ფარგლებში გამომუშავებული სატელიტური ინტერნეტის ყველაზე დიდი მომხმარებელი სწორედ AWS-ი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები