სიღნაღელი მეღვინე, ჯონ ვურდემანი, იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშებისგან ღვინის დამზადებას მეხეთსა და ქედაში აპირებს. როგორც მეღვინემ Bm.ge-ს განუცხადა, ამ მიზნით მესხეთში, სოფელ ხერთვისში და ქედაში, სოფელ კვაშტაში, პარტნიორებათან ერთად ვენახები გააშენა, სადაც წელს პირველ მოსავალს მიიღებენ.
,, ეს არის ორი რეგიონი, სადაც ისტორიულად ოდითგანვე განვითარებული იყო მევენახეობა- მეღვინეობა, მაგარამ ბოლო პერიოდში გადაშენდა. ცნობილ ფრანგ მეღვინესთან (Thierry Puzelat) ვაკეთებთ ამ საქმეს, მას დიდი გამოცდილება აქვს ნატურალური ღვინის წარმოებაში და ჩვენი დისტრიბუტორია საფრანგეთში, ის შემდეგ ამ ღვინის რეალიზაციას საფრანგეთში განახორციელებს.
ქედაში, სოფელ კვაშტაში მოდის ისეთი იშვითი ჯიში, როგორიცაა ჩხავერი, რომელიც ამჟამად ძირითადად გურიასა და აჭარაში მოჰყავთ. ამ ჯიშის ფესვები ისტორიულად სწორედ ამ სოფელს უკავშირდება, მაგარამ თურქული პერიოდის შემდეგ, იქ მთელი სოფელი გამუსულმანდა და ეს დარგიც გადაშენდა. მე იქ მოვნათლე ერთი ბიჭი, რომელმაც გაქრისტიანების შემდეგ გადაწყვიტა ვენახის გაშენება და ამ ჯიშის აღდგენა. მან პრაქტიკა გაიარა კახეთში და ეხლა ერთად ვაპირეთ ღვინის წარმოებას. ჩხავერისგან ორი სახის ღვინოს ჩამოვასხამთ - ერთი ვარდისფერი ღვინო იქნება, რომელიც ამ ყურძნის კლერტთან ერთად დამზადებით მიიღება, მეორე კი უდედოდ მზადდება და თეთრი ღვინო დგება“ - განაცხადა ჯონ ვურდემანმა.
მეღვინემ პარტნიორებთან ერთად მესხეთში 16 ჯიშის ვაზი გააშენა, რაც ტერასებზეა განლაგებული, როგორც ეს უძველესი დროიდან კეთდებოდა.
,, აქ არის ისეთი ჯიშები, როგორიცაა: თეთრი ცხენის ძუძუ, წითელი ცხენის ძუძუ, მესხური მწვანე, ხიხვი, რომელიც დიდი ალბათობით სამცხე-ჯავახეთიდანაა წარმოშობით და მოგვიანებით ჩამოვიდა კახეთში, ასევე მესხური საფერე, ახალციხის თეთრა და სხვა.
მესხეთში მე-12 საუკუნის ტერასებია შემორჩენილი, რომელიც ადგილობრივი შავი ქვითაა ნაშენები, იქ ვენახები 3 ჰექტარზე გავაშენეთ და კიდევ 3 ჰექტარს დავამატებთ. ქედაში წითელმიწიანი ნიადაგია, აქ ჰექტარნახევარი ვენახი გვაქვს და ერთი ამდენის დამატებას კიდევ ვგეგმავთ, ამისთვის ტერიტორია უკვე შევიძინეთ. წელს პირველ, სერიოზულ, მოსავალს მივიღებთ და ამ ყურძნისგან ქვევრის ნატურალურ ღვინოს დავამზადებთ“ - განაცხადა ჯონ ვურდემანმა.
პარტნიორები მეღვინეობის გარდა, ქედასა და მესხეთში ტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ, ორივე ლოკაციაზე ტურისტულ ობიექტებს ააშენებენ, სადაც სტუმრებს იშვიათ ღვინოებთან ერთად, ადგილობრივ ტრადიციულ კერძებსაც შესთავაზებენ.