კასპში , სოფელ მეტეხში მეფრინველეობის ფაბრიკა აშენდება, რომელიც ბაზარს თვეში 250 ტონა ქათმის ხორცით მოამარაგებს, ამის შესახებ Bm.ge-ს შპს,,ჯ.ლ ს“-ის დირექტორმა, გიორგი ვერულაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ფაბრიკაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც 1,5 მილიონს საპარტნიორო ფონდი გამოყოფს. ფაბრიკის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება და წლის ბოლოს ხორცის წარმოებას დაიწყებს.
"ეს იქნება ბროილერის ჯიშის ქათამი, რომელსაც ბაზარს როგორც ნედლი, ასევე გაყინული სახით მივაწვდით. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვეში საქართველოს ბაზარი 3-4 ათას ტონა ხორცს მოიხმარს, ჩვენ თავდაპირველად მის 6-8%-ს დავიკავებთ", - განაცხადა გიორგი ვერულაშვილმა.
მისი განმარტებით, ქათმის ხორცის წარმოება კომპანიამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის უკვე აწარმოებს სახორცე ჯიშის წიწილს, რომელსაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ყიდის. ამ ბაზრებს კომპანია თვეში 300 -დან 400 - ათასამდე ერთდღიანი წიწილით ამარაგებს, საიდანაც 50% საქართველოში, მეორე ნახევარი კი ექსპორტზე იყიდება.
"ჩვენ გვაქვს ორი მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი, სადაც ერთდღიანი წიწილი გამოგვყავს. ეს ფაბრიკები კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში და ბარნაბიანთკარშია. ორივე ობიექტის წარმადობა 100%-ით გვაქვს ათვისებული. ჩვენს ახალ ფაბრიკასაც წიწილით აქედან მოვამარაგებთ “ - განაცხადა გიორგი ვერულაშვილმა.
კომპანია ,,ჯ.ლ ს“ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ის ქართული ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიაა. ოთხი წლის წინ, ფერმების გაფართოებისთვის 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს, საიდანაც 600 ათასი დოლარი ,,შეღავათანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა იყო.