მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ბირჟაზე ZOOM-ის აქციები 16%-ით დაეცა | კომპანიის კვარტალური შედეგები ცნობილია

პანდემიამდე ცოტამ თუ იცოდა რას წარმოადგენდა დღეს საკმაოდ ცნობილი კომპანია Zoom-ი. სამუშაო და სასწავლო პროცესების ვირტუალიზაციამ ამ კომპანიას დიდი წარმატება და ცნობადობა მოუტანა.

პანდემიის პერიოდში Zoom-ის მომსახურებით უამრავი მსხვილი კორპორაცია, კომპანია, უნივერსიტეტი თუ სკოლა სარგებლობდა, რამაც, ბუნებრივია, კომპანიის აქციების ფასებზეც მოახდინა პოზიტიური გავლენა. თუკი 2020 წლის დასაწყისში Zoom-ის აქციის ფასი დაახლოებით 80 დოლარის დიაპაზონში მერყეობდა, მალევე, იმავე წლის ნოემბერში ერთი აქციის ღირებულებამ თავის მაქსიმუმს - დაახლოებით 480 დოლარს მიაღწია.

მიმდინარე კვირას Zoom-მა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები წარმოადგინა, რამაც ინვესტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. კომპანია სტაბილურად ზრდის მიღებულ შემოსავალს კვარტლებს შორის და არც მეორე კვარტალი ყოფილა გამონაკლისი.

Zoom-მა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტი, 1.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება წმინდა მოგებას, მან დაახლოებით 45 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის 2021 წლის მეორე კვარტალში ეს მონაცემი 316 მილიონ დოლარს შეადგენდა.

წმინდა მოგების შეფარდება შემოსავალთან 4,16%-ია. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს შეფარდება 31%-ს შეადგენდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ კვარტალში კომპანიას დიდი მოცულობის ხარჯი ჰქონდა. კვლევასა და განვითარებაზე Zoom-მა 109%-ით მეტი ფულადი სახსრები დახარჯა 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. 47%-ით გაიზარდა გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯები. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ რომ მიმდინარე პერიოდში კომპანიამ ინვესტირებით 34 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 32 მილიონი დოლარის მოგება მიიღო.

რაც შეეხება მომხმარებლების რაოდენობას, კომპანიას ამ კვარტლის მონაცემებით 204,100 კორპორაციული მომხმარებელი ჰყავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია, რაც საკმაოდ შედეგიან მარკეტინგულ კამპანიაზე მეტყველებს.

რაც შეეხება პროგნოზებს, Zoom-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი მესამე კვარტალში დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას ელოდებიან. ეს იმას კი ნიშნავს, რომ ისინი არ პროგნოზირებენ ამ კვარტლის შედეგის გაუმჯობესებას, რაც ინვესტორებისთვის, სავარაუდოდ, უარყოფით გზავნილად უნდა იქნეს განხილული.

22 აგვისტოს, ბაზრის დახურვამდე კომპანიის აქციები დაახლოებით 97 დოლარად ივაჭრებოდა, ამჟამინდელო მდგომარეობით კი ერთი აქციის ფასი 81-82 დოლარის დიაპაზონში მერყეობს, რაც 16.5%-იანი შემცირებაა.

წლის დასაწყისში Zoom-ის ერთი აქციის შეძენას დაახლოებით 187 დოლარად შეძლებდით. 2022 წელს კი კომპანიის აქციების ფასი 57%-ით არის შემცირებული და ის კვლავ დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები