კერძო საპენსიო დაზღვევით საქართველოში სულ 23 076 ადამიანი სარგებლობს, რაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, გასული წლის 1 კვარტალთან შედარებით 615 ადამიანით მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში საპენსიო შენატანებმა 1,4 მილიონი ლარი შეადგინა, სულ კი საპენსიო რეზერვების მოცულობა 26,8 მილიონი ლარია.
საპენსიო დაზღვევას მოქალაქეებს ბაზარზე სულ ორი სადაზღვევო კომპანია -"ალდაგი" და "ჯი პი აი ჰოლდინგი" სთავაზობს. მოქმედებს კიდევ ერთი კერძო საპენსიო ფონდი, რომელიც "საქაერონავიგაციამ" საკუთარი თანამშრომლებისთვის შექმნა.
"ალდაგს" 10 154 კლიენტი ჰყავს, "ჯი პი აი ჰოლდინგს" - 12 393, ხოლო "საქაერონავიგაციის" საპენსიო სქემაში 529 ადამიანია გაერთიანებული. 1 კვარტლის მონაცემებით, საპენსიო ფონდებში აკუმულირებული თანხებიდან საინვესტიციო შემოსავალმა, ჯამში 508 000 ლარი შეადგინა.