მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის

შავი
28.11.24 13:00
436

შავი პარასკევის კვირეულით წლის ყველაზე აქტიური, ექკსლუზიური შეთავაზებებით და დიდი ფასდაკლებებით დატვირთული ვაჭრობის პერიოდი იწყება.

ტერმინი "შავი პარასკევი" პირველად 1960-იან წლებში ფილადელფიაში გამოიყენეს, მადლიერების დღის მომდევნო დღეს მაღაზიებში დიდი ფასდაკლებების მაძიებელი მომხმარებლების მიერ შექმნილი ქაოსის აღსაწერად. დროთა განმავლობაში ეს ფენომენი მთელს მსოფლიოს მოედო და ყველაზე დიდ ვაჭრობის დღესასწაულად იქცა.

სწორედ ამ დროს აქტიურდებიან კიბერთაღლითებიც. ისინი სხვადასხვა თაღლითური სქემებით ცდილობენ მომხმარებლებისგან ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის გამოძალვას.

როგორ ვისარგებლოთ სარფიანი შეთავაზებებით უსაფრთხოდ და არ გავებათ კიბერთაღლითობის მახეში?

ეს რჩევები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ფინანსები და ისიამოვნოთ ონლაინ ვაჭრობით:

  1. დაუკვირდით ყველა შეთავაზებას: განსაკუთრებით ყურადღებით ვებ-გვერდზე ამომხტარ სარეკლამო შეთავაზებებთან დაკავშირებით იყავით, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე.
  2. გადაამოწმეთ საეჭვო შეთავაზება: თუ ელ-ფოსტაზე, ონლაინ ან სოცმედიაში მიღებული შეთავაზება დაუჯერებლად მიმზიდეველია, ნივთის ან მომსახურების ფასი არარეალურად დაბალია, აღნიშნული შეთავაზების ნამდვილობა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან უშუალოდ კომპანიასთან დაკავშირებით - მაგალითად ცხელ ხაზზე გადაამოწმეთ.

  3. შეცვალეთ პაროლი: თუ დიდი ხანია ელ-ფოსტაზე, სოცმედიის ანგარიშებზე თუ ონლაინ მაღაზიაში შესასვლელი პაროლი არ შეგიცვლიათ, ახლა საუკეთესო დროა 12-ნიშნა ძლიერი პაროლი დააყენოთ (გამოიყენეთ ფრაზები, მაღალი და დაბალი რეგისტრის ასოები და სხვადასხვა სიმბოლოები) და ანგარიში დამატებით ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გააქტიურებით დაიცვათ.

  4. დააყენეთ განახლებები თქვენს მოწყობილობებზე: აქტიური ონლაინ ვაჭრობის პერიოდს მომზადებული დახვდით და ყველა თქვენს მოწყობილობაზე ბოლო განახლება დააყენეთ, რათა ისინი ვირუსებისგან და მავნე კოდისგან მაქსიმალურად დაიცვათ.

  5. ბარათზე შეზღუდული ოდენობის თანხა განათავსეთ: ონლაინ ვაჭრობისთვის საბანკო ბარათზე მხოლოდ შეზღუდული ოდენობის თანხა განათავსეთ, თქვენი დანაზოგი კი სხვა ანგარიშზე შეინახეთ და ბარათზე საჭიროებისამებრ გადაიტანეთ. თუ საბარათე მონაცემები გაუფრთხილებლობით ყალბ ვებ-გვერდზე შეიყვანეთ და ისინი კიბერთაღლითისთვის ხილული გახდა, თქვენი ზარალი მხოლოდ ის მცირე თანხა იქნება, რომელიც ბარათზე გედოთ.

  6. ონლაინ ვაჭრობისას ნაცნობი, უსაფრთხო ვებ-გვერდებით ისარგებლეთ: მაქსიმალურად ეცადეთ ვაჭრობისას თქვენთვის კარგად ნაცნობი და შემოწმებული ონლაინ მაღაზიები გამოიყენოთ. თუ თქვენთვის ონლაინ მაღაზია უცნობია, თავად დაძებნეთ ის ნებისმიერ საძიებო სისტემაში და ამ მაღაზიის ოფიციალური გვერდით ისარგებლეთ.

    გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები და უსაფრთხოდ ისარგებლეთ სადღესასწაულო შეთავაზებებით!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები