მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

5c13ad22919d7
შოთა ტყეშელაშვილი
14.12.18 18:00
820
“კოეფიციენტებით ვაჭრობა” არის პროცესი, როდესაც პროექტის განმახორციელებელი კომპანია სპეციალური მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე მთავრობისგან ან მუნიციპალიტეტისგან იღებს ნებართვას ააგოს იმაზე მაღალი შენობა, ვიდრე ქალაქგეგმარების ზონალობით არის განსაზვრული.

"საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, კოეფიციენტებით ყველაზე აქტიურად 2014-2015 წლებში ვაჭრობდნენ. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 1300-ზე მეტი ნებართვა გაიცა.

რაც შეეხება თბილისს, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, წლიურად საშუალოდ 336 ნებართვა გაიცემოდა, 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში კი წლიურად საშუალოდ 518 ნებართვა. 2017 წელს გაცემული ნებართვების რაოდენობა 365-მდე შემცირდა.

ბოლო წლებში, თბილისის ბიუჯეტში კ2 კოეფიციენტის გაზრდიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2009-2012 წლებში კოეფიციენტებით ვაჭრობიდან ბიუჯეტის შემოსავალი წელიწადში საშუალოდ 1.6 მილიონი ლარი იყო, 2014-2017 წლებში კი, წელიწადში საშუალოდ 11.8 მილიონი ლარი. 2018 წელს 10 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი. ბიუჯეტის შემოსავალი განსაკუთრებით მაღალი იყო 2017 წელს, როდესაც მან 19.5 მილიონ ლარს მიაღწია.

2017 წლის დეკემბრიდან თბილისის მერიის „ზონალური საბჭო“ გაუქმდა და 2018 წლის თებერვლიდან მისი ფუნქციები თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაეცა. 2018 წლის 22 თებერვლიდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 53 თანხმობა გაიცა. აქედან, საბურთალოს რაიონში -10, ჩუღურეთის რაიონში - 2, ისნის რაიონში - 4, ვაკის რაიონში - 10, სამგორის რაიონში - 7, დიდუბის რაიონში -2, ნაძალადევის რაიონში - 9, მთაწმინდის რაიონში - 3, კრწანისის რაიონში - 1 და გლდანის რაიონში - 5.

TI საქართველოს კვლევის მიხედვით, რიგ შემთხვევებში ზონალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს შეიცავდა.

“არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი იყვნენ სამშენებლო ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც იმავე დროს გვევლინებოდნენ განმცხადებლებად არქიტექტურის სამსახურში/ზონალურ საბჭოში. ამის პარალელურად, ისინი სამშენებლო ბიზნესში (არქიტექტურის კუთხით) აქტიურად იყვნენ ჩართული. ზონალურ საბჭოში მოწვეული წევრების კუთხით გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როცა მოწვეული ექსპერტები თავად გვევლინებოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებად, ზონალურ საბჭოში განმცხადებლებად, კონკრეტული პროექტების ავტორებად და არქიტექტორებად,”- წერია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები