კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აბონენტებს მოუწოდებს ხელშეკრულებების გასაახლებლად პროვაიდერ კომპანიებს მიმართონ. ამის შესახებ გადაცემაში ,,საქმის კურსი“ კომისიის ბაზრის ანალზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროვაიდერ კომპანიებს 3 თვიანი ვადა განესაზღვრათ იმისთვის, რომ აბონენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეიტანონ და ჩაწერონ მისაწოდებელი ინტერნეტის სიჩქარის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები.
"კომპანიებს მუშაობა ამ მიმართულებებით დაწყებული აქვთ, მაგრამ მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომ ნუ დაელოდებიან მათ, მიმართონ საკუთარ პროვაიდერებს და მოსთხოვონ ხელშეკრულებების განახლება. ეს მათი უფლებაა", - აღნიშნა ქეთი რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ინერნეტის ხარისხი არის ცუდი და იმედოვნებს, რომ ის ვალდებულებები, რომელიც კომპანიებს დაეკისრათ, ხელს შეუწყობს ხარისხის გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებებში მიუთითონ მისაწოდებელი ინტერნეტის სიჩქარის ქვედა და ზედა ზღვარი. კომისიას და მოქალაქეებს ასევე უფლება ეძლევათ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ინტერნეტის სიჩქარის დარღვევის შემთხვევაში კომპანიის სანქცირების საკითხი დააყენონ.