კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის კვლევას აპირებს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა bm.ge-ს განუცხადა, ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და სააგენტო არჩევს, კონკრეტულად რომელი სეგმენტი შეამოწმოს. ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს საკმაოდ დიდი ბაზარია, ამიტომ სეგმენტაციის გარეშე მისი შესწავლა შეუძლებელია. მისივე თქმით, ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა პარლამენტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო.
„ვმუშაობთ დარგის სპეციალისტებთან ერთად და ჯანდაცვის სამინისტროსთან. რომელიც უფრო მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, თავიდან იმაზე დავიწყებთ კვლევას. რაღაც პერიოდი მაინც დაგვჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად.
ვაგროვებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მედიკამენტები შევისწავლოთ, სად არის ის ვიწრო წერტილი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია და იქ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მეტად აისახება ბაზარზე“,- აცხადებს ნოდარ ხადური.