მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო სავარაუდოდ საბჭოდ გადაკეთდება

5bda8bb5d943a
BM.GE
01.11.18 09:12
766
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოდან პირველია, რომელიც კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებას ხედავს. რომან კაკულიას მიაჩნია, რომ სააგენტო ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მას ინსტიტუციონალური გაძლიერებაც სჭირდება.

ცვლილებების მომხრე მხოლოდ კაკულია არ არის. კონკურენციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ სწორედ კაკულია და მისი კომიტეტი გეგმავს იმ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რომელიც კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ევროკავშირის ექსპერტებმა შეიმუშავეს და რომელიც სწორედ იქითკენაა მიმართული რომ სააგენტოს სისტემა შეიცვალოს.

კონკურენციის, სამართლის და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი, სოლომონ მენაბდიშვილი ამბობს, რომ არსებული კანონპროექტით კონკურენციის სააგენტოს საბჭოდ გადაკეთება იგეგმება.

„აპირებენ მთლიანად სისტემა შეცვალონ. კონკურენციის სააგენტოს მაგივრად საბჭო შექმნან, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ქაღალდზეც ბოლომდე არ არის დაწერილი. წესით ახლო მომავალში უნდა მოხდეს კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში კომიტეტის მიერ და როგორც ვიცი სურვილი არის ის, რომ სააგენტოს მაგივრად შეიქმნას საბჭო, რომელშიც რამდენიმე ექსპერტი იქნება გაერთიანებული და იმუშავებენ საბჭოს სახელით და თავმჯდომარეზე არ იქნება მხოლოდ პასუხისმგებლობა და გადანაწილდება საბჭოს წევრებზე.

კარგი იქნება თუ გაკეთდება საბჭო და უფრო კომპეტენტური პირები იმუშავებენ და გადაწყვეტილების მიღება ერთ ადამიანზე არ იქნება დამოკიდებული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ორგანო იყოს დამოუკიდებელი მთავრობისაგან და პარლამენტისაგან“-განმარტავს სოლომონ მენაბდიშვილი.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების საპასუხოდ კონკურენციის სააგენტომ bm.ge-ს წერილობითი ფორმით უპასუხა.

„საქართველოს პარლამენტი, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვაზე. ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა ცვლილებები და გადაიგზავნა ყველა შესაბამის სამინისტროში, მარეგულირებელ ორგანოსა და საპარლამენტო კომიტეტებში. ახლო მომავალში მოხდება კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის უფლებამოსილი პირების მიერ და განხორციელებული ცვლილებების შესახებ გეცნობებათ. ცვლილებები შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ მოწყობას, უფლებამოსილებების დახვეწასა და მექანიზმების უზრუნველყოფას, რაც უფრო ეფექტურს გახდის სააგენტოს მუშაობას“-ნათქვამია სააგენტოს წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები