ბიტკოინის და სხვა ციფრული აქტივების მკვეთრი გაძვირების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული და ამ დრომდე ერთადერთი საჯაროდ დალისტული კრიპტობირჟა Coinbase-ი ქვეყნის ხუთასი უდიდესი კომპანიის ამსახველ ინდექსში, S&P 500-ში შევა, სადაც ფინანსურ კომპანია Discover Financial Services-ს ჩაანაცვლებს.
სიახლესკრიპტობირჟის ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, რადგან სიახლის გავრცელების ფონზე Coinbase-ის აქციები 8%-ით გაძვირდა. მატება აიხსნება, როგორც დადებითი სენტიმენტით, ასევე ტექნიკურად, რადგან მიმდინარე კვირის ბოლოდან, Coinbase-ის აქციები S&P 500-ზე ბაზირებულ ETF-ებში მოხვდება, რაც მეტ ლიკვიდურობას და გაზრდილ ინვესტიციებს ნიშნავს.
ბოლო წლებში, S&P 500-ში არაერთი ტექნოლოგიური კომპანია გაწევრიანდა და თავად ეს ინდექსიც ამ მიმართულებით გადაიხარა. სექტემბერში, S&P 500-ში კომპიუტერების მწარმოებელი Dell-ი და IT-ანალიტიკური კომპანია Palantir-ი მოხვდნენ. ზოგადად კი, S&P 500-ში გადაწევრიანებლად კომპანიამ ბოლო ოთხ კვარტალში მოგება უნდა დააფიქსიროს.
როგორც Coinbase-ის უახლეს კვარტალურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ, კომპანიამ $65.6 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, რაც შარშანდელთან შედარბეით ძალიან დიდი კლებაა, მაგრამ თავად ეს ფაქტი Coinbase-ის მიერ წმინდა მოგების ბიტკოინში და სხვა ციფრულ აქტივებში ინვესტირებით აიხსნება. საპირწონედ, გაიზარდა კომპანიის შემოსავლი, რომელმაც $2.03 მილიარდი შეადგინა.